ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტი დედაქალაქში კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა

0 კომენტარი
ჟაირ ბოლსონარო ფოტო: AFP

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო დედაქალაქში კარანტინის მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა. მომიტინგეთა ნაწილი სამხედრო ძალების ჩარევას, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს დახურვას ითხოვდა. ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი დისტანციას არ იცავდნენ და არ ეკეთათ ნიღბები. ნიღბის გარეშე მივიდა თავად პრეზიდენტიც.

"ყველამ უნდა გააკეთოს, რაც საჭიროა ქვეყნისათვის. ჩვენ დათმობებზე არ წავალთ", - თქვა მან.

კონგრესი და უზენაესი სასამართლო კორონავირუსის გამო ქვეყანაში გუბერნატორების მიერ შემოღებულ სპეციალურ ზომებს მხარს უჭერენ. ზოგიერთ შტატში დაიხურა ყველა დაწესებულება, გარდა აუცილებელი მნიშვნელობის მქონე ობიექტებისა. მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებენ.

პარალელურად კი პრეზიდენტმა ბოლსონარომ გასულ კვირას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება დაასახელა. ბოლსონარომ მანდეტა საჯაროდ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვისაკენ მოუწოდებდა.

ბოლსონარო ამ ზომებს არ ეთანხმება და ვირუსს "პატარა გრიპს" უწოდებს. მინისტრის გათავისუფლების შემდეგ მან კვლავ მოუწოდა შტატებს, მოხსნან შეზღუდვები, რადგან ისინი ეკონომიკას აზარალებენ.

ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 38,654 შემთხვევა, დაიღუპა 2,462 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 22,130.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები