აქცია ისრაელში

ისრაელში სოციალური დისტანციის დაცვით 2000 კაციანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

19 აპრილს თელ-ავივში, რაბინის მოედანზე მთავრობის "ანტი-დემოკრატიული ნაბიჯების" გასაპროტესტებლად 2000 ადამიანი შეიკრიბა.

ოპოზიციის აქციაზე შეკრებილები ერთმანეთისგან სოციალურ დისტანციას იცავდნენ.

აქცია "შავი დროშის" პროტესტის ფარგლებში გაიმართა. მარტის ბოლოდან ისრაელის მოქალაქეები კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ მთავრობის ზომებს აპროტესტებენ, რომლებიც, მათი აზრით, ანტიდემიკრატიული ხასიათისაა. ზომები, რომლებიც შუაღამეს გაცემული განკარგულებით, საკანონმდებლო განხილვის გარეშეა მიღებული, მოიცავს ტელეფონით მოქალაქეების გადაადგილების კონტროლს, სასამართლოების დახურვას.

სოციალური დისტანციის დაცულობას აქციის მსვლელობისას პოლიცია აკონტროლებდა. გარდა ამისა, ორგანიზატორები ვალდებულნი იყვნენ, აქციის მონაწილეებისთვის საკუთარი ხარჯით უზრუნველეყოთ პირბადეები.

რაბინის მოედანზე აქციის ჩატარება იმიტომ გადაწყდა, რომ უფრო მცირე ფართობის ადგილას ორმეტრიანი სოციალური დისტანციის მოთხოვნილებები დაცული ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, შეკრებილები ერთმანეთისგან 10 მეტრით დაშორებულ 10-10 კაციან ჯგუფებად იყვნენ დანაწილებულები. პოლიციამ ორგანიზატორებს აქციის მონაწილეებისთვის ადგილების მონიშვნაც მოსთხოვა, გამომსვლელები კი ვალდებულნი იყვნენ, მათთვის მოეწოდებინათ, დაეცვათ სოციალური დისტანცია და გაეკეთებინათ პირბადეები.

ისრაელში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის 13 654 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გარდაცვლილია 173 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 3872.

კომენტარები