კორონავირუსი საქართველოში

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

კორონავირუსის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომლის მოქმედების ვადაც 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისი თქმით, ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედებაც.

"ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი, თუმცა ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის საფრთხეზე. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები, არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადდა და ის ერთი თვის ვადით დაინიშნა, დღეს კი, 21 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა - 27 აპრილამდე. 

პრეზიდენტის ბრძანება ძალაში შედის პრემიერმინისტრის ხელმოწერიდან და 48 საათის განმავლობაში ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ავტომობილებით გადაადგილება, მოქმედებს ასევე ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავდა. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს. 

კომენტარები