საგანგებო მდგომარეობა

ოპოზიცია საგანგებოს განსახილველად პრემიერის პარლამენტში მისვლას ითხოვდა, გახარია არ მივიდა

ტაბულა

ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი პარლამენტში პრემიერმინისტრ გახარიას უნდა წარედგინა, პასუხი გაეცა კონკრეტულ კითხვებზე და აეხსნა კონკრეტული შეზღუდვების აუცილებლობა.

"მიუღებელია, როდესაც ჩვენ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მომხსენებლად არ გვყავს პრემიერმინისტრი...ჩვენ საუკეთესო გამოსავალზე უნდა ვიმსჯელოთ. არ შეიძლება გამოგზავნო თანამშრომლები, პარლამენტის უპატივცემულობაა ეს, გეგმის წარმოუდგენლობასთან ერთად", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც მიიჩნევს, რომ მთავრობის მეთაური პარლამენტში უნდა მისულიყო. პარტიის წევრი რომან გოცირიძე ხაზს უსვამს, რომ საგანგებოს პირობებში მთავრობას უზარმაზარი უფლებები ეძლევა საფინანსო სფეროში:

"ამიტომ უნდა მოსულიყო დღეს დილით, მოგვესმინა ეკონომიკური ნაწილის განმარტება, რას აპირებდნენ და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი", - ამბობს გოცირიძე.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში ამ საკითხის მხოლოდ სამართლებრივი განხილვა არ უნდა იყოს და საკანონმდებლო ორგანომ დეტალებზეც უნდა იმსჯელოს.

"ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, დავსვათ კითხვები, რაც მეტად მობილიზებულს გახდის მთავრობას. ამ კითხვებს პასუხი მთავრობის მეთაურმა უნდა გასცეს, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა რატომ კეთდება, ამ შემთხვევაში იქნებოდა კენჭისყრა სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი. სესიაზე უხერხულობა შეიქმნება, იმის გამო, რომ არ არის პრემიერი და ვერ ვისმენთ იმ კითხვებზე პასუხს, რაც მოგვცემდა საშუალებას მწვანე ღილაკზე კეთილსინდისიერად მიგვეჭირა ხელი", - ამბობს ფოფხაძე.

თუ რატომ არ მიდის პარლამენტში პრემიერი გიორგი გახარია, გაუგებარია უმრავლესობის კიდევ ერთი ყოფილი წევრისთვის. ლევან გოგიჩაიშვილიც მიიჩნევს, რომ გახარიამ პარლამენტში კითხვებს უნდა უპასუხოს. 

"არის ეს კრიზისები, მაგრამ მე ვერ ვხვდები, რატომ გაურბის პრემიერმინისტრი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მოერიდოს მაგალითად, ჩემს კითხვას, იმიტომ, რომ როგორღაც სახელმწიფო მანქანა ახერხებს, პოზიტიურად წარმოაჩინოს ეს ყველაფერი, მაგრამ პრემიერმინისტრი რატომ არ მოდის პარლამენტში? არ სცემს პარლამენტს პატივს? არ სჭირდება კითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ჩაატარებს ბრიფინგს და ამაზე ყველაფერს ისედაც უპასუხებს?!" - ამბობს გოგიჩაიშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საკითხს პარლამენტში კონსტიტუციით ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი - საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს და სამართლებრივ საკითხებზე პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ისაუბრებს. 

"ჩვენ ხომ ახლა, დღეს არ ვმსჯელობთ იმაზე, რა იქნება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოყენებული შეზღუდვებად, თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს მთავრობა, რომელსაც დელეგირებული აქვს უფლებამოსილებები ამ შემთხვევაში, რომ ეს შეზღუდვები დააწესოს ან მოხსნას", - ამბობს თალაკვაძე.

ცნობილია, რომ ოპოზიცია არ აპირებს, მხარი დაუჭიროს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ ჯერ კონკრეტული ეკონომიკური გეგმა უნდა წარმოადინოს, რადგან საგანგებოს თანმხლები შეზღუდვები მძიმე პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. 

მთავრობა გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მაინც მიმართა პრეზიდენტს. საგანგებოს 22 მაისამდე გახანგრძლივებას პარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყაროს. 27 აპრილამდე კვლავ ძალაში რჩება მანქანით გადაადგილების შეზღუდვა. მოქმედებს კომენდანტის საათიც. 

კომენტარები