ზოომარტის დახურვა

ზოომარტი: 12-ვე ფილიალს ვკეტავთ, მე-7 დღეა, კონსულტანტები დღეში 10 კმ-ზე მეტს ფეხით დადიან

26 აპრილიდან კომპანია "ზოომარტის" 12-ვე ფილიალი დაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას კომპანია თავად ავრცელებს. კომპანია მიზეზად იმას ასახელებს, რომ თანამშრომლების ტრანსპორტით გადაადგილებისთვის ნებართვა ვერ მოიპოვეს. 

"მე-7 დღეა ჩვენს კონსულტანტებს ყოველდღიურად უწევთ ფეხით 10 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა, რათა ვუზრუნველყოთ ფილიალების ფუნქციონირება. ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან არ მიგვიღია ნებართვა რომ მოვახდინოთ მათი უსაფრთხო, კერძო მიკროავტობუსით ტრანსპორტირება ფილიალებამდე და სამუშაო დღის ბოლოს უკანა გზაზე, სახლებში", - წერს კომპანია.

ანალოგიური სიტუაციაა ინტერნეტ გაყიდვებთან დაკავშირებით. მათ არ ეძლევათ საშვი, რომ შეკვეთების საკურიერო მომსახურება უზრუნველყონ.

"გვესმის რომ ქვეყანაში შექმნილია რთული ვითარება, სახელმწიფო დგას უამრავი გამოწვევების წინაშე და ჩვენი პრობლემები შესაძლოა არც თუ ისე პრიორიტეტულია. თუმცა, დამატებითი ბარიერების ფონზე ჩვენთვის ასეთ რეჟიმში შეუძლებელი ხდება ფუნქციონირება და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობას ვერ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ. წვიმიან ამინდში ფეხით გადაადგილების გამო რამდენიმე მათგანს უკვე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და დღეიდანვე შესაძლოა რამდენიმე ფილიალი ვერ გაიხსნას", - წერია განცხადებაში.

კომპანია იმედს გამოთქვამს, უახლოეს მომავალში შესაბამისი სამთავრობო უწყებები: თბილისის მერია / Tbilisi City Hall, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებენ და მიაქცევენ ყურადღებას რომ ახლო მომავალში კვლავ შეძლონ და მოემსახურონ მომხმარებლებს.

კომპანიამ 21 აპრილს ღია წერილით მიმართა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ღია წერილში ისინი საკურიერო მომსახურებისათვის საშვის გამოყოფას ითხოვდნენ. მათივე ინფორმაციით, წერილობითი განცხადება საშვის მოთხოვნის თაობაზე რამდენჯერმე გააგზავნეს სამინისტროში, თუმცა უპასუხოდ. 

"ზოომაღაზიების ქსელი “ზოომარტი“ 12 ფილალის მეშვეობით ეწევა შინაური ცხოველებისათვის განკუთვნილი პროდუქციის საცალო ვაჭრობას. მიმდინარე ეტაპზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის გამო მკვეთრად არის გაზრდილი ონლაინ შეკვეთები, რაც საჭიროებს საკურიერო მომსახურებას," - წერდნენ განცხადებაში.

"ზოომარტი" ასევე განმარტავს, რომ ე.წ “დელივერი“ სერვისის კომპანიები ვერ ემსახურებიან მომხმარებელს, რადგან შეკვეთების 95% მოდის ცხოველთა საკვებზე, რომლის შეფუთვის წონაც არის 10-დან 20 კოლოგრამამდე.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მთავრობამ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება ჯერ 17 აპრილიდან 21 აპრილამდე აკრძალა, შემდეგ კი 27 აპრილამდე გააგრძელა. 

ამ პერიოდში მანქანით გადაადგილება, მხოლოდ სპეციალური საშვებითაა შესაძლებელი. 

კომენტარები