კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე: გირჩის აქციაზე რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით დააკავეს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, იმ პირების გარდა, ვინც სამმართველოში გადაიყვანეს, რამდენიმე პირი ძალის გამოყენებითაც დააკავეს. 

როგორც ადგილზე მყოფი მედია წერს, სამართალდამცველმა ერთერთ დაკავებულს ადგილზე განუმარტა, რომ 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე აკავებდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ტაბულა ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამოწმებას ცდილობს. 

ჯაფარიძემ Facebook-ლაივში პოლიციელებს ჰკითხა, რატომ დაადეს ბორკილები ადამიანს, რაზეც ერთერთი პოლიციელი პასუხობს, რომ დაკავებული იგინებოდა და პოლიციელებს ხელს უშლიდა. 

პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, მიერ ძველ იპოდრომზე გამართულ აქცია-სეირნობაში მონაწილეობის გამო, თავად ჯაფარიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი და კიდევ რამდენიმე მონაწილე ვაკის სამმართველოში გადაიყვანეს. 

აქცია ჯაფარიძემ 22 აპრილს Facebook-ის საშუალებით დაგეგმა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვდა. როგორც გირჩის ლიდერი წერდა, ის ძველ იპოდრომზე სეირნობას აპირებდა და ყველას, ვისაც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაპროტესტება სურდა, შეეძლო მასთან ერთად "ესეირნა". 

გირჩის კიდევ ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის, თქმით, მას მთავრობის მიერ მედიისთვის გამოცემული სპეციალური საშვი აქვს და აქციაზე გირჩი TV-ის კორესპონდენტის სტატუსით იყო მისული, თუმცა პოლიციელებმა სამმართველოში ის მაინც გადაიყვანეს. 

კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს აქციის გამართვა აკრძალულია. სავარაუდოდ, ჯაფარიძესა და აქციის სხვა მონაწილეებს 3 000-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ. 

კომენტარები