რუსეთი

რუსეთში გაზის შიდა ბაზარზე გაყიდვა ექსპორტზე მომგებიანი გახდა

22 აპრილს ევროპულ გაზის ჰაბებზე გამართული ვაჭრობის შედეგად, რუსეთის შიდა ბაზარზე ბუნებრივი აირის გაყიდვა უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე ექსპორტი. ევროპულ ბაზრებზე გაზის ფასი ბოლო კვირებში მკვეთრად ეცემა, დადგენილი ფასი არ ითვალისწინებს საექსპორტო 30%-იან ტარიფს და ტრანსპორტირების ხარჯებს. 

ყველაზე ლიკვიდურ ევროპულ ჰაბებზე ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში 1,000 კუბამეტრი გაზის ფასი დაეცა. ბრიტანეთში 1,000 კუბამეტრი გაზის ფასმა 43 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიდერლანდებში 67 დოლარი. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამ ჰაბებზე იგივე მოცულობის ბუნებრივი აირის ფასი 100 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 

ფასის კლების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევსებული ტერმინალები და ამინდის დათბობაა. 

პარალელურად, რუსეთში იგივე მოცულობისა და ხარისხის ბუნებრივი აირის მინიმალური ფასი 65 დოლარია. ამგვარად გაზპრომისთვის, რომელიც რუსეთიდან გაზის ექსპორტირების მონოპოლიას ფლობს გაცილებით უფრო მომგებიანი ბუნებრივი აირის შიდა ბაზარზე გაყიდვა, ვიდრე ექსპორტირება. 

გაზპრომის წლიურ ბიუჯეტში 1,000 კუბური მეტრი გაზის ფასი წლის განმავლობაში საშუალოდ 200 დოლარზე იყო გათვლილი, თუმცა მოგვიანებით დოკუმენტი დაკორექტირდა და ფასი 175 დოლარამდე დაეცა. 

მიუხედავად ამისა, ბაზრის ანალიტიკოსები რუსულ გაზზე ფასის კიდევ შემცირებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით წლის განმავლობაში რუსული გაზის საშუალო ფასი 130 დოლარი იქნება. 

კომენტარები