საგანგებო მდგომარეობა

საგანგებოს წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება, კარანტინის - 3 წლამდე

შსს

საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატმრობით დაისჯება, კარანტინის - 3 წლამდე პატიმრობით.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ ზომების მიღება, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა და ერთი ახალი მუხლის დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ არ იყო განჭვრეტადი, რა პასუხისმგებლობა ენიჭებოდა პირს, მას შემდეგ, რაც ერთხელ დაჯარიმების შემდეგ ზომებს კვლავ დაარღვევდა.

"კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული, პირველად შემოვიდა სისხლის სამართლის კოდექსში. ასევე არის იქ მითითება, რომ პრეზიდენტის დეკრეტით, თუ სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, - თქვა მან.

კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის დარღვევა ამ ეტაპაზე ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს ქართული ოცნების უმრავლესობამ მის 22 მაისამდე გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დრომდე შსს-მ საკარანტინე წესების დარღვევისთვის 15 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოწერა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დადგენილ წესებს არ ემორჩილება, თუმცა, მღვდელმსახურები სახელმწიფომ არათუ დააჯარიმა, არამედ კანონდარღვევის ნებართვაც მისცა.

კომენტარები