კორონავირუსი და ეკონომიკა

აშშ-ის კონგრესმა $484 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა

Time

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა პაკეტი, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორის დასახმარებლად ჯამში 484 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

კანონპროექტს, რომელიც ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, 388-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 5-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

სენატმა კანონპროექტი 22 აპრილს დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატის თანხმობის შემდეგ ის პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნება, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს.

პაკეტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონგრესმა მას შემდეგ მოილაპარაკეს, რაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებელ ჩეკებით დაცვის პროგრამას სახსრები ამოეწურა. პროგრამა, რომელიც მცირე ბიზნესის დახმარებას ისახავს მიზნად, კონგრესის წინა, 2 მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში იყო შექმნილი, ახლა კი მისთვის 310 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

გარდა ამისა, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება 60 მილიარდი დოლარი მცირე ბიზნესის საგანგებო სესხებისა და გრანტებისთვის, 75 მილიარდი დოლარი საავადმყოფოებისა და ჯანდაცვისთვის და 25 მილიარდი კორონავირუსის ტესტირების პროგრამისთვის.

პირველი მარტის შემდეგ ეს კონგრესის მიერ დამტკიცებული მეოთხე კანონპროექტია ეკონომიკის სტიმულირებისთვის.

პაკეტის დამტკიცებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა განაახლა მონაცემები, რომლის თანახმადაც გასულ კვირაში უმუშევრობის შემწოება აშშ-ში 4.4 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად ჯამში 26 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

ჯამში, აშშ-ს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 3 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ამ დროისათვის აშშ-ში ახალი კორონავირუსის თითქმის 870 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 50 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაახლოებით 81 ათასი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები