კორონავირუსი ჩეხეთში

ჩეხეთმა ზომები შეარბილა და საზღვარგარეთ მგზავრობა დაუშვა

ჩეხეთის რესპუბლიკამ 23 აპრილიდან კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული მკაცრი ზომების შერბილება დაიწყო.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოიხსნა შეზღუდვა არააუცილებელ გადაადგილებაზე და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე.

ვინც საზღვარგარეთ გაემგზავრება, დაბრუნებისას კორონავირუსზე ნეგატიური შედეგი უნდა აჩვენოს ან ორი კვირით კარანტინში იყოს. ამ ეტაპზე ქვეყნის დატოვება მხოლოდ ოჯახის წევრებისა და ექიმის მოსანახულებლად იქნება დაშვებული.

გარდა ამისა, თუ აქამდე ორზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალული იყო, ამიერიდან 10-მდე ადამიანის თავყრილობა იქნება დაშვებული.

ორშაბათიდან, 27 აპრილიდან გაიღება უნივერსიტეტებიც და დაჩქარდება მაღაზიების გახსნაც.

პირბადის ტარება ქვეყანაში კვლავ სავალდებულო იქნება.

ჩეხეთმა ზომების შერბილების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების კლების ფონზე მიიღო. 23 აპრილს ახალი კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის გავრცელების პიკმა ქვეყანაში 4 აპრილს მიაღწია, როცა ერთ დღეში 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მას შემდეგ გავრცელების ტემპი თანდათან იკლებს.

ამ დროისათვის ჩეხეთში ახალი კორონავირუსის 7200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 213 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2200-მდე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები