მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

სალონები, ღია რესტორნები, საფინანსო მომსახურება, სავარაუდოდ, ივნისში გაიხსნება

flickr.com

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნა ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება და ეტაპობრივად, 2-კვირიანი შუალედებით გაგრძელდება, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და იმ დაშვებით, რომ შესაძლოა შეზღუდვები ძალაში დარჩეს, თუ არ იქნება დაცული ჯანდაცვის უწყებების გამოცემული რეკომენდაციები, ასევე, თუ ახალი კორონავირუსი გავრცელდება.

უფრო კონკრეტულად:

  • ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება.
  • 2 კვირის შემდეგ, დაახლოებით 11 მაისიდან აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი და სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.
  • კიდევ ორი კვირის შემდეგ, ანუ სავარაუდოდ 25 მაისიდან გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩებიდან.
  • შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე, დაახლოებით 8 ივნისიდან გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, კვების ობიექტები, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
  • მე-5 ეტაპზე, დაახლოებით 22 ივნისიდან გაიხსნება ბაზრები, ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორნები.
  • მე-6 ეტაპზე, ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნება გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, სასტუმროები და რესტორნები, კაზინოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სხვა ტიპის საქმიანობები არადისტანციურ რეჟიმში.

გახარიამ ასევე თქვა, რომ სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად აუცილებელი იქნება.

ასევე, აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება.

გახარიასვე თქმით, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რათა ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ.

კომენტარები