კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: თეთრიწყაროში COVID 19-ის 20-მდე შემთხვევაა, აქედან ჩვენი კოლეგაა ძალიან ბევრი

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა დადასტურდა. მისივე თქმით, უმეტესობა მათგანი სამედიცინო პერსონალია. 

"თეთრიწყაროში გუშინ [25 აპრილს] მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა და გამოავლინა ინფიცირებულები. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგა არის ძალიან ბევრი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში. დღესაც მთელი დღე იმუშავებენ ჩვენი ჯგუფის წევრები"- თქვა იმნაძემ და იმედი გამოთქვა, რომ სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, თეთრიწყაროშიც მოხერხდება ვირუსის დროული შეკავება. 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელის კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 485-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 139 და გარდაიცვალა 6 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522.

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები