ჩეხეთის რესპუბლიკა

პრაღის მერს პოლიცია იცავს, სავარაუდოდ რუსეთის მიერ მოწამვლის გეგმის გამო

პრაღის მერმა, ზდენიეკ ჰრიბმა დაადასტურა, რომ "სასიცოცხლო რისკის" გამო მას პოლიცია იცავს.

მისი თქმით, პოლიცია საფრთხის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ინფორმირებულია თუმცა ჰრიბი არ ადასტურებს, რა საფრთხეზეა საუბარი და უკავშირდება თუ არა ეს ჩეხურ პრესაში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ რუსეთი მის მოწამვლას გეგმავდა.

ჩეხური ჟურნალის, Respekt-ის ინფორმაციით, სამი კვირის წინ პრაღაში ჩავიდა ადამიანი, რომელსაც თან ჰქონდა რუსული დიპლომატიური საბუთები, მიზნად კი ჰრიბისა და კიდევ ერთი ჩეხი პოლიტიკისის მოკვლა ჰქონდა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პოტენციური მკველი ჩემოდნით ატარებდა მომაკვდინებელ საწამლავს, ჩასვლისას კი ის დიპლომატიურმა ავტომობილმა წაიყვანა რუსეთის ფედერაციის საელჩოს ტერიტორიაზე.

"ჩეხეთის პოლიციამ უბრალოდ დაცვა გამომიყო. მათი გადაწყვეტილებით, არ შემიძლია მიზეზებზე ვისაუბრო", - უთხრა პრაღის მერმა Эхо Москвы-ს. ჰრიბის თანახმად, უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც მას პოლიცია იცავს.

როგორც ჩეხური მედია გასულ კვირაში იტყობინებოდა, პრაღის მერს პოლიციამ მას შემდეგ გამოუყო დაცვა, რაც მან თავად შეიტანა საჩივარი იმის შესახებ, რომ სახლის მახლობლად უთვალთვალებდნენ.

ჰრიბი რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსია. ის აქტიურად ემხრობოდა რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ მდებარე მოედნისათვის ბორის ნემცოვის სახელის დარქმევას.

კომენტარები