უკრაინა

რადას თავმჯდომარე: არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერ

უკრაინული რადას თავმჯდომარის დიმიტრი რაზუმკუვის, თქმით არ არის დარწმუნებული, რომ მხარს დაუჭერს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ვიცე-პრემიერის პოსტზე. რადას თავმჯდომარემ საკითხზე უკრაინულ RBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

რაზუმკოვის თქმით, მმართველი პარტიის რიგებში ისედაც ბევრი ადამიანია, რომელსაც მინისტრთა კაბინეტისთვის სასარგებლო საქმეების კეთება შეუძლიათ. 

"ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ექსპერტების მოწვევა სხვადასხვა სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მინისტრთა კაბინეტში საკმარისი რაოდენობით არიან კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ რეფორმების გატარება და მთავრობისთვის სარგებლის მოტანა. დღევანდელი მდგომარეობით, არ ვარ დარწმუნებული, რომ სრულად გავიზიარებ და მხარს დავუჭერ განსახილველ საკადრო გადაწყვეტილებებს მთავრობაში", — განაცხადა რაზუმკოვმა. 

რადას სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ საკადრო პოლიტიკის ნაწილში მნიშვნელოვანია საპარლამენტო ხმების გადანაწილება, რომლის შესახებაც ინფორმაცია რადას რიგგარეშე სხდომაზე გახდება ცნობილი. 

"ფრაქციაში უმრავლესობის პოზიციები ორად გაიყო, თუ კი ეს საკითხი განსახილველად გამოვა უკვე სხდომის დაწყებისთვის დავინახავთ თუ როგორ გადანაწილდა ხმები. არიან კოლეგები, რომლებიც მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ, არიან მოწინააღმდეგეებიც. კოლეგების ნაწილი საკითხს პრაგმატულად და იმ საბაზისო ფასეულობებზე დაყრდნობით უდგება, რომლითაც ჩვენმა პარტიამ არჩევნებზე გაიმარჯვა, მათ შორის იყო ახალი სახეების გამოჩენა პოლიტიკაში და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება", — ამბობს რაზუმკოვი. 

დღესვე საკითხს, უმრავლესობის ფრაქციის ლიდერი დავიდ არახამია გამოეხმაურა, მისი თქმით, სააკაშვილი დანიშვნის საკითხი რადას რიგგარაშე სხდომის დღის წესრიგში არ არის. სხდომა 30 აპრილს უნდა გაიმართოს. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკიც. ერმაკის თქმით, სააკაშვილის დანიშვნის იდეა პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ ერთ-ერთ თათბირზე წარმოიშვა. 

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერობის შესახებ.

"ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე მქონდა შინაარსიანი და სასარგებლო საუბარი პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან, რომლის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ჩემს შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებული ყველა საკითხი", — თქვა სააკაშვილმა. 

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ვიცეპრემიერად დანიშნავს, ამას "საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება".

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, პრემიერმინისტრი უარყოფს და ამბობს, რომ ჯერჯერობით ელჩი არ გამოუწვევიათ. თუმცა, თუ სააკაშვილს უკრაინა ვიცეპრემიერად დანიშნავს, გიორგი გახარიას თქმით, მმართველი გუნდი ელჩს, როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოიწვევს.

კომენტარები