კორონავირუსი საქართველოში

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მათი ექიმის ინფიცირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს მთავრობა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა უარყოფს რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათ ექიმს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. 

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ, IPN-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამედიცინო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი მკურნალობს, თუმცა, არცერთი მათგანი მათი ექიმი არ არის. რაც შეეხება კარანტინის გამოცხადებას, ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში ისედაც კარანტინია. 

"დღეს შევცვალეთ "სტაფი", რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი "სტაფი" შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება. ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ტესტირებებს ვაკეთებთ, ახალი არაფერია", - უთხრა ტურძელაძემ სააგენტოს. 

გავრცელებულ ინფორმაციას კლინიკის ექიმის დაინფიცირების შესახებ უარყოფს კლინიკის დირექტორიც. ლევან რატიანმა ტვ პირველისთვის მიცემულ სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ მასობრივი ტესტირებების შედეგად, მათი მედპერსონალიდან არცერთს ვირუსი არ დადასტურებია. 

მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლევან რატიანს ტრადიციული საინფორმაციო ბრიფინგი ჰქონდა, სადაც არც ექიმის დაინფიცირება უხსენებია და არც კლინიკაში კარანტინის გამოცხადება. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ კლინიკას ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. 

კომენტარები