მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

"მთავრობის განცხადებები უკრაინის მიმართ არამეგობრულია", - პარტიების ნაწილის წერილი რადას

0 კომენტარი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

საქართველოს ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს.

განცხადებაში, რომელსაც ხელს გრიგოლ ვაშაძე, ნატო ჩხეიძე, გიორგი ვაშაძე, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გურამ ჩალაგაშვილი, თაკო ჩარკვიანი, შოთა მალაშხია და მურმან დუმბაძე აწერენ, მიხეილ სააკაშვილის ჯერ უკრაინის ვიცე პრეზიდენტის, შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად შესაძლო დანიშვნაზეა საუბარი.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ "საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობაა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას".

წერილში წერია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოს ინტერესებით და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

"მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც დადასტურებულია ინტერპოლის გადაწყვეტილებით, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებით და დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერის განცხადებებით.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები მრავალი მიმართულებით, რაც აღიარებულია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ. მიგვაჩნია, რომ ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს, რაც ჩვენი სახელმწიფოების და ხალხების საერთო მიზანია.

დასასრულს, გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნით მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს ორ მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას თავისუფლებისა და შემდგომი განვითარების გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი გახდეს - რეფორმების ეროვნულ საბჭოში შევიდეს. საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვისა და მათი განხორციელების კუთხით.

28 აპრილს უკრაინულ მედიაში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან ვიცეპრემიერის პოსტზე საქართვლოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, კანდიდატურა უკან გაიწვია, რის მიზეზადაც დეპუტატთა შორის ხმების ნაკლებობა დასახელდა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება, შესაძლოა, ქვეყანასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები