ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბარკალაია: მოვუწოდებ ბიზნესს, დროულად გაიარონ გახსნისთვის საჭირო რეგისტრაცია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ბიზნესსექტორს მოუწოდებს, დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე.

ბარკალაიას განცხადებით, ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო.

ბარკალაია ამბობს, რომ 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია.

ბარკალაია აცხადებს, რომ აუცილებელია, ბიზნესსექტორი გაეცნოს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდგომ გაიაროს რეგისტრაცია.

"იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი, აუცილებელია ამ ეტაპის გავლა", - თქვა ბარკალაიამ.

"მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს, რომ დროულად გაეცნონ ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე.

მთავრობის დადგენილებით, შემოწმების პროცესის ორგანიზებას და კოორდინაციას განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, კერძოდ, მუნიციპალური სამსახურები, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები