კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დილის მონაცემებით, COVID-19-ით მედპერსონალის ინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოს მთავრობა

საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში მედპერსონალის კორონავირუსით ინფიცირების 72 შემთხვევაა დადასტურებული. 

" დილის მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 72 შემთხვევა გვაქვს, რაც, დაახლოებით, 12.7%-ს შეადგენს. ეს არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი, საერთაშორისო ციფრების საშუალო მაჩვენებელზე ვართ", - თქვა გამყრელიძემ იმედთან ინტერვიუში.

ამირან გამყრელიძის თქმით, საჭიროა ინფექციის კონტროლის ღონისძიებებისა და სპეციალური დამცავი საშუალებების კიდევ უფრო გამკაცრება.

"არა მარტო იქ, სადაც კოვიდინფექციით ავადმყოფები მკურნალობენ, არამედ იქაც, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება მოხდეს. დაინფიცირების ყველაზე მეტი პროცენტი მოდის იქ, სადაც კონტაქტია ხოლმე არა უკვე დადგენილ, არამედ უფრო შესაძლო შემთხვევებთან. დაახლოებით 30-მდე სასწრაფოს თანამშრომელია დაინფიცირებული", - თქვა გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 7 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები