შეზღუდვები ქვეყანაში

ევროპული საქართველო ეკონომიკის სწრაფ გახსნას და გადაადგილების შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

ევროპული საქართველო ეკონომიკის სწრაფ გახსნასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. ამ საკითხზე ბრიფინგი გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამართეს.

პარტიაში ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შეზღუდვების დიდი ნაწილი დაწესების დღიდან აბსურდული იყო, ხოლო მათი აღსრულება შერჩევითად ხდება.

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ეკონომიკა დღეს ურთულეს მდგომარეობაშია და გადაწყვეტილების სწრაფად არმიღების ფასს საქართველოს მოქალაქეები - ასიათასობით ოჯახი გადაიხდის.

"დღეს, როცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უკვე დაიწყო აქტიურად ეკონომიკის ამუშავებასა და ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე ზრუნვა, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული გეგმა დაგვიანებულია და თავისი არსით, ნელი ტემპისაა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნები უკვე არიან ერთმანეთთან კონკურენციაში, თუ სად უფრო სწრაფად და ეფექტურად გაიხსნება ეკონომიკა. საქართველოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ხელისუფლებამ შერჩევითად და არათანმიმდევრულად გაავრცელა, რამაც შეზღუდვათა მთელ წყებას იმთავითვე დაუკარგა აზრი", - ამბობს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას:

1. 8 მაისს გახსნას ეკონომიკა, დაუბრუნოს მოქალაქეებსა და მეწარმეებს ყველა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ხოლო იქამდე სხვადასხვა კატეგორიის ბიზნესის ფუნქციონირებისათვის აღდგენის პირობებისა და მუშაობის გონივრული წესები დაადგინოს. (მაგ. დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარების მოთხოვნა და სოციალური დისტანციის დაცვა), რომელთა დარღვევაც გამოიწვევს ადეკვატურ სანქციებს;

2. დაუყოვნებლივ გააუქმოს კომენდანტის საათი;

3. აღადგინოს ქალაქებში და ქალაქთაშორისი მიმოსვლა, შეიმუშავოს მასობრივი ტესტირების წესი და დაიწყოს ტესტირება დაავადების გავრცელების ზონებში, ვირუსის გავრცელების შესაზღუდად;

4. მოხსნას კერძო ავტომობილებთან დაკავშირებული შეზღუდვები - გააუქმოს მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახის წევრებთან ერთად მგზავრობის აკრძალვა;

5. გააუქმოს მუნიციპალიტეტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის გამოტანაზე გაცემული ექსკლუზიური უფლებები და მისცეს ყველას ყიდვა/გაყიდვის უფლება;

6. გახსნას საქართველოს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვარი. ასევე დაადგინოს ქვეყანაში შემოსულებისთვის ტესტირების ან კარანტინის წესი;

7. განაგრძოს მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა და დროებით შეზღუდოს მასობრივი თავყრილობები ( 50 ადამიანი და მეტი);

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა და თითქმის სრული კარანტინია გამოცხადებული. აკრძალულია დიდ ქალაქებში შესვლ-გამოსვლა და ჩაკეტილია რამდენიმე მუნიციპალიტეტი.

21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ორი აკრძალვა მოხსნა: დაუშვა მანქანებით გადაადგილება და ონლაინ ვაჭრობა. პრემიერის თქმით, შეზღუდვები ნელნელა, ორკვირიანი შუალედებით, მოიხსნება. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 582 შემთხვევაა დადასტურებული, 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაიცვალა.

კომენტარები