დაპირისპირება ყინწვისის მონასტერში

მიტროპოლიტი გერასიმე ყინწვისზე: საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს

მთავარი არხი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარი დაპირისპირების საკითხს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია განიხილავს.

მისივე თქმით, ამის შემდეგ გადაწყდება, განიხილავს თუ არა მომხდარს სინოდი.

"საქართველოს საპატრიარქოში არსებობს ზნეობრივი კომისია, რომელიც ნებისმიერ საკითხს, რომელიც ეხება სასულიერო პირების ზნეობრივ თემას, განიხილავს და შემდგომში უკვე გადაწყვეტენ, წარადგინონ თუ არა სინოდის წინაშე",- ამბობს მიტროპოლიტი და აღნიშნავს, რომ ეკლესია აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე, "მაგრამ ერთი სასულიერო პირის გამო არ შეიძლება მთელ ეკლესიაზე და ეპარქიაზე ასე საუბარი." 

სასულიერო პირი, მამა დავით (კობა) კობაიძე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მამა საბას მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდეს.

მედიასთან საუბრისას სასულიერო პირები ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებას პირველივე დღიდან უარყოფდნენ, მათ შორის დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტიც

30 აპრილს, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე მომხდარა და არც ზოგადად რუის-ურბნისის ეპარქიაში. ეპარქია ასევე წერს, რომ ბრალდებული იღუმენი დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

კომენტარები