საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: საგანგებო ერთი თვითაც რომ გაგრძელდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ესწრება

ტაბულა

უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგაც გაგრძელდეს. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ახალი წესით ჩატარება საგანგებოს ერთი თვით გაგრძელების შემთხვევაშიც ესწრება.  ამის შესახებ კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"არავითარი საფრთხე არ შეექმნება ახალი სისტემით 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას. დრო საკმარისია ყველაფრისთვის. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვნახავთ, იქნება თუ არა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო გახანგრძლივება, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე ესწრება ცვლილებების მიღება, თუ გახდა საჭირო, ამ შემთხვევაში, ივლისში დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება", - ამბობს კობახიძე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს, რაც ამ შემთხვევაში 31 ოქტომბერია.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით უნდა ჩატარდეს. ანუ, საქართველოს პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით უნდა იქნას არჩეული, 30 კი მაჟორიტარულით.

კომენტარები