Facebook-ის მიერ წაშლილი ანგარიშები

FACEBOOK-მა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ანგარიშებიც გააუქმა

ქართული ოცნების PR-კონსულტანტ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული ანგარიშების გარდა, Facebook-მა კიდევ ერთი ქართული არაავთენტური ქსელი გამოავლინა, რომელიც მათივე განცხადებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. 

ამ ქსელის ფარგლებში Facebook-ის პლატფორმიდან წაიშალა 23 პროფილი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და Instagram-ის 9 ანგარიში. 

"ამ აქტივობის უკან მდგარი ინდივიდები იყენებდნენ, როგორც ავთენტურ, ისე ყალბ ანგარიშებს, რათა კომენტარები დაეტოვებინათ სოციალურ ქსელში დადებულ მასალებზე, თავიდან აერიდებინათ აღმოჩენა და წაშლა და ემართათ ჯგუფები და გვერდები - მათი ნაწილი პოზიციონირებდა, როგორც ახალი ამბების სააგენტო. ისინი ხშირად პოსტავდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები და კანდიდატები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიის კრიტიკა და ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის მართვა. ამ გვერდების დიდი ნაწილი 2018 წლამდე აქტიური არ ყოფილა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობის უკან მდგარი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა, ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ქართულ პოლიტიკურ პარტიას, დაუკავშირა. ჩვენ ეს აქტივობა რეგიონში საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამოძიების ფარგლებში ვიპოვეთ. ამ გამოძიებისთვის სასარგებლოდ გამოვიყენეთ ადგილობრივი რეპორტები [Facebook-საჩივარი]", - წერია განცხადებაში. 

Facebook-ის ცნობით, დაახლოებით, 785 000 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ გვერდს მაინც; დაახლოებით, 6 300 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ ჯგუფს მაინც; და, დაახლოებით, 6 400 ანგარიში მიყვებოდა, მინიმუმ, ერთ გაუქმებულ Instragm-ანგარიშს მაინც. 

მათივე გამოძიებით, ამ ქსელმა Facebook-ზე რეკლამებში, დაახლოებით, $23 800 დახარჯა. 

ამ ქსელის ფარგლებში გაუქმებული პროფილებისა და გვერდების მიერ ჯამში 22 ღონისძიება დაიგეგმა Facebook-ზე და, დაახლოებით, 11 600-მა ადამიანმა გამოხატა ინტერესი მათგან ერთ ღონისძიებაზე დასწრების მაინც. 

კომენტარები