სააკაშვილი უკრაინაში

სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

0 კომენტარი
ფოტო: UNIAN

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგლებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

ამ დრომდე სხვადასხვა უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ცნობებს, რომ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს მდივნად დაინიშნებოდა. სააკაშვილმა ეს ინფორმაცია 6 მაისს, DW-ის რუსულ ბიუროსთან საუბარში დაადასტურა. 

რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ინიციატივით შეიქმნა. ეს უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ოფიციალური საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოა რეფორმების საკითხებში სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ. საბჭოს წევრები პრეზიდენტის მიერ ინიშნება. 

22 აპრილს სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რეფორმების საკითხებში ვიცეპრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო. სააკაშვილი წერდა, რომ დათანხმებას აპირებდა. 

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ უმაღლესი რადადან სააკაშვილის კანდიდატურა უკან გაიწვია, რადგან მან რადას დეპუტატებში საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერის მობილიზება ვერ მოახერხა. 

ტაბულა ამის შესახებ უკრაინელ დეპუტატებსაც ესაუბრა, რომლებმაც მაშინ გვითხრეს, რომ სააკაშვილს მართლაც არ ჰქონდა იმ ეტაპისთვის დეპუტატთა ხმების საკმარისი რაოდენობა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კანდიდატურა უკან გაიწვიეს, მათი თქმით, სიმართლე არ იყო, რადგან ის არც დაუყენებიათ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები