კუბილიუსი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას ოპოზიციასთან დადებული შეთანხმება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული შეთანხმების პირობები.

კუბილიუსი წერილში ხაზს უსვამს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც "შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებისადმი "ნდობის მზარდ ნახვრეტად" აფასებს.

კუბილიუსის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

"მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამჟამინდელი გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მიუხედავად, შეთანხმების სწრაფი აღსრულება წერილისა და სულისკვეთების თანახმად, უმაღლესი მნიშვნელობისაა.

ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად", - წერს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.

კომენტარები