ახალი კორონავირუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - კრიზისის ჯგუფის შეფასება

კრიზისის საერთაშორისო ჯგუფმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი კორონავირუსით შექმნილი პრობლემების და ეპიდვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

მასში ე.წ მთიან ყარაბახთან, დონბასთან, ტრანსნისტრიასთან ერთად, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზეც არის საუბარი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი წერს, რომ ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს, რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, პანდემიის მიმართ ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ WHO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დახმარებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

ცხინვალის რეგიონში, სადაც 6 მაისისთვის 3 შემთხვევა იყო დადასტურებული, დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან გადაადგილება 2020 წლის თებერვალში აკრძალა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ნაბიჯი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელი იყო (ახალგორი 2019 წლის 4 სექტემბრიდან ჩაკეტილია). ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა პირიქით, თბილისისგან ერთად მუშაობის დაპირება აიღო. თუმცა, გადაადგილება შეზღუდულია. ოკუპირებული აფხაზეთის ტერუტორიებიდან მხოლოდ 11 ადამიანი გადავიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საავადმყოფოებში. ერთ-ერთ მათგანს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი აღნიშნავს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობას უხალისოდ დათანხმდა. WHO ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, დე ფაქტო ხელისუფლება კი, ამას რეჟიმის აღიარებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად აღიქვამს.

ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს სხვაგვარი მიდგომა ჰქონდა - მან დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან განცალკევებულად აღიქვა. აფხაზეთი წარმატებით მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარსულში და ბოლო თვეებში საერთაშორისო დახმარების მობილიზებაც შეძლო.

კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი წერს, რომ ცხინვალის რეგიონი დიდი რისკის ქვეშაა. აქ მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი - 17% ასაკოვანია. საავადმყოფოებში აღჭურვილობა არ არსებობს. ექიმები უარს ამბობენ, იმუშაონ ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში, დაცვის საშუალებების არარსებობის გამო.

რუსეთმა, რომელიც რეგიონის საჭიროებებს უზრუნველყოფს, სამედიცინო მარაგების ექსპორტი მარტის დასაწყისში შეაჩერა. ადგილობრივი დე-დაქტო ხელისუფლების თქმით, სადეზინფექციო საშუალებების მარაგი ცოტა იყო, ნიღბების შეკერვა კი, ადგილობრივ მკერავებს სთხოვეს. მეტიც, რეგიონის სამედიცინო პერსონალს წლებია, არანაირი ტრენინგი არ გაუვლია. არ იციან, როგორ მოიხმარონ ხელოვნური სუნთქვის ის 26 აპარატი, რომელიც რუსეთიდან მიიღეს. ადგილობრივმა კრიზისის საერთაშორისო ჯგუფს უთხრა, რომ ადგილობრივ ექიმებს სისხლის ანალიზის საკითხშიც კი არ ენდობიან.

რუსეთის საოკუპაციო ჯარები რეგიონში არიან განლაგებულები. ისინი წესებს და "საზღვრებს იცავენ". მათ ნიღბები და ხელთათმანები მიაწოდეს. დანარჩენ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საპასუხო ნაბიჯები ძალიან შენელებულად გადაიდგა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ჭიდაობის ახალგაზრდული ტურნირის ჩატარების ნებართვა გასცა, რომელიც 22-25 მარტს გაიმართა. 25 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტმა ხალხს მიმართა, ღონისძიებას საოკუპაციო რეჟიმის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სკოლებიც ძალიან გვიან დაიხურა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია ერთადერთია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ოპერირებს. ის ამარაგებს ადგილობრივ საპატიმროებს და ხანდაზმულ ადამიანებს საკვებს აწვდის, მათ შორის, მოშორებით მდებარე სოფლებში. თუმცა, ორგანიზაციას დახმარების გაწევაში ადგილობრივად სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაც პრობლემას უქმნის. მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცდილობდა, მარტის შუა რიცხვებში რეგიონში შეფასების ჯგუფი გაეგზავნა, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა, დაემატებინა სამედიცინო პერსონალი, თუ ისინი შევიდოდნენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან და არა რუსეთიდან.

ამის შემდეგ ცხინვალმა რუსეთთან საზღვარიც ჩაკეტა, თუმცა, WHO-ს წარმომადგენლები ოკუპირებულ რეგიონში მაინც შევლენ. დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ეს წუხილის საგანია, ვინაიდან, მათი აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ცხინვალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შესვლა მათი დამოუკიდებლობის იდეას დააკნინებს. საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათ შესაძლებლობა აქვთ, ადგილობრივთა ხელფასები და პენსიები უზრუნველყონ, მაგრამ ეს ყოველივე მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, რომელსაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.

კრიზისის საერთაშორისო ჯგუფი წერს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, დე ფაქტო ხელისუფლება ძალიან რისკავს, ვინაიდან კორონავირუსის პრევენციის საკითხში პოლიტიკურ მოთხოვნებს რთავს და აფერხებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, გაეროს სააგენტოებთან და სხვებთან აქტიურ თანამშრომლობას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა, სულ მცირე, ტელეფონით მაინც უნდა იქონიოს კომუნიკაცია WHO-სთან, რათა მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია, რაც საჭიროა ადგილობრივების დასაცავად.

ოკუპირებული აფხაზეთი

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის შეფასებით, აქ ვითარება, უკეთესია, თუმცა, კვლავ მოწყვლადი. ცხინვალის რეგიონის მსგავსად, არც აფხაზეთშია სათანადო ინფრასტრუქტურა, არის მედპერსონალის დეფიციტი, მოქალაქეების 20% კი 60 წლის ასაკს გადაცილებულია. სამედიცინო პერსონალის 80%, თავის მხრივ, ასევე 60 წლის ან უფროსი ასაკისაა.

აფხაზეთის დე დაქტო ხელისუფლებამ დააგვიანა სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოწოდება. აქ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა. ე.წ არჩევნების დღეს, ისევე, როგორც მანამდე, ე.წ კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არავინ იყენებდა ნიღაბს. თუმცა, დე ფაქტო პოლიცია მოქალაქეებს სიცხეს უზომავდა, მაღაზიების უმეტესი ნაწილი დახურულია, პოლიციელები კი მანქანებიდან, რუპორით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ. ასევე, საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ დიდი გამოწვევა იყო მოქალაქეების დარწმუნება, მორიდებოდნენ დაკრძალვებს. ერთთვიანი იზოლაციის შემდეგ, 20 აპრილიდან, ე.წ ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე განაცხადა და მაღაზიების გახსნის ნებართვა გასცა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა საერთაშორისო დახმარება მარტის დასაწყისში ითხოვა. პასუხად, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ძირითადი სამედიცინო აღჭურვილობის და სანიტაიზერების 12 000 შეკვრა მიაწოდა, რომლებიც აშშ-ის და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით იყო შეძენილი. რუსეთმა საოკუპაციო რეჟიმს მიაწოდა 500 ტესტი და გაგზავნა ჯარი, რათა საჯარო სივრცეების დეზინფექციაში დახმარებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა დე ფაქტო ხელისუფლებას სასწრაფო დახმარების მანქანები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო პულვერიზატორები შესთავაზა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, WHO-ს სპეციალისტებმა სოხუმში საჭიროებები შეაფასეს.

მიუხედავად ამისა, დე ფაქტო ხელისუფლება ნერვიულობს და ფიქრობს, რომ სოხუმს მეტი დახმარება სჭირდება. საოკუპაციო რეჟიმმა დამატებითი სამედიცინო აღჭურვილობა რუსეთიდან, დიასპორის დახმარებით შეიძინა.

კრიზისის საერთაშორისო ცენტრი წერს იმასაც, რომ ახალი კორონავირუსის კრიზისამდე დე ფაქტო ხელისუფლება, რომლის ბიუჯეტის 60%-იც რუსეთზეა დამოკიდებული, აცხადებდა, რომ თითქმის არაფერი გააჩნდათ და 50-100 მილიარდი სჭირდებოდათ, რათა მომდევნო თვეებში გადარჩენილიყვნენ.

კომენტარები