კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-ის მთავრობაში Covid-19-თან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური ჯგუფის 3 წევრი თვითიზოლაციაშია

რობერტ რედფილდი, ენტონი ფაუჩი, სტივენ ჰანი

აშშ-ის მთავრობაში კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი სპეციალური ჯგუფის 3 წევრი, ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და მუშაობას დისტანციურად გააგრძელებენ. მათ კონტაქტი ჰქონდათ პირთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში განაცხადეს, რომ ენტონი ფაუჩის კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა რეგულარულად ჩაიტარებს ტესტირებას და თვითიზოლაციაში დარჩება. მათივე განცხადებით, თუ ფაუჩის თეთრ სახლში იხმობენ ის გამოცხადდება, თუმცა უსაფრთხოების ყველა ზომას დაიცავს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი განაცხადეს, რომ რობერტ რედფილდს სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს, თუმცა 2 კვირის განმავლობაში დისტანციურად იმუშავებს.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა სტივენ ჰანსაც, თუმცა ისიც თვითიზოლაციაში 2 კვირას გაატარებს.

Politico-ს ინფორმაციით ჰანს კონტაქტი ჰქონდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანთან, რომელსაც 8 მაისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ქეით მილერის მეუღლე სტივენ მილერი დონალდ ტრამპის მრჩეველია.

7 მაისს კი კორონავირუსი დაუდასტურდა დონალდ ტრამპის კამერდინერს.

ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში კორონავირუსის გავრცელებაზე არ ნერვიულობს, თუმცა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ამის გამო უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსი სულ 1,237,633 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 72,271, გამოჯანმრთელდა 200,628 ადამიანი.

კომენტარები