ირაკლი კობახიძე

კობახიძე ადეიშვილზე: სააკაშვილი ყოველ სიტყვაში იტყუება, მაგრამ დაზუსტება საჭიროა

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ზურაბ ადეიშვილის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლად დანიშვნის შესახებ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი "ყოველ სიტყვაში იტყუება", ამიტომ შესაძლოა, ეს ინფორმაციაც მცდარი იყოს, თუმცა, მისი თქმით, დაზუსტება ყველაფერს სჭირდება.

“ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და დღესაც არ ვიცით, რამდენად სწორია ის. თქვენ უსმენთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს და ის ყოველ წინადადებაში იტყუება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ესეც ტყუილი იყოს, თუმცა, ბუნებრივია დაზუსტება ყველაფერს სჭირდება", - თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილმა 10 მაისს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩეველია. სააკაშვილისვე განცხადებით, ადეიშვილი იმ კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელმაც პროკურორების 80% გაცხრილა.

"ძველი პროკურორების 80% კომისიამ სწორედ ზურას თავმჯდომარეობით გაცხრილა. ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროგრამა, ამერიკელების ეგიდით არის. ის იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც და არის ახლანდელი პროკურორის მრჩეველიც რეფორმების დარგში. ასე რომ, ქართველები არიან პრაქტიკულად ყველგან", - თქვა მან.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრის, ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის. ისინი უკრაინას მათი ექსტრადირების მოთხოვნითაც მიმართავენ. თუმცა, უკრაინა მათი საქართველოსთვის გადმოცემაზე მრავალი წელია, უარს აცხადებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 7 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

კომენტარები