საარჩევნო შეთანხმება

თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება "რადიკალური ოპოზიციის" პასუხისმგებლობა იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ "რადიკალური ოპოზიციის" პასუხისმგებლობა იქნება.

თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმებას "ზედმიწევნით" ასრულებს - მისი განცხადებით, ოპოზიცია და ხელისუფლება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალ საარჩევნო სისტემის უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე, მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდებას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, "ოთხივე შემთხვევაში ოპოზიციამ მიიღო მკაფიო პასუხი ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი".

"ამის მიუხედავად, ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ, თითქოს, მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმება 2020 წლის 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა.

შეთანხმება პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტასაც ითვალისწინეს. სწორედ ამიტომ, მემორანდუმს ხელი არ მოაწერა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა და დაკავებულ პირებს "ე.წ პოლიტიკური პატიმრები" უწოდა.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის საქმეებზე მითითებით, შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

რას ამბობდნენ ისინი ამ კვირების განმავლობაში, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები