8 მარტის შეთანხმება

ბაქრაძე: გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების წევრები ბევრ საკითხზე იმსჯელებენ, მთავარი საკითხი კი, 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება იქნება.  

ბაქრაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებში "აბსოლუტურად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი" გაგება არსებობს, რომ 8 მარტის შეთანხმება 2 ნაწილისგან - პოლიტიკური დევნისა და საარჩევნო პროპორციების ნაწილისგან შედგება.

"დღეს პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სწორედ ასე ვხედავთ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას - მის შესრულებას ორივე ნაწილში. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გახსნის სივრცეს ნორმალური პოლიტიკური კლიმატისა და პოლიტიკური ურთიერთობისთვის ამ ქვეყანაში. 

ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ საარჩევნო მზადების საკითხებზე, გავაგრძელებთ საუბარს მაჟორიტარული კანდიდატების კოორდინირების თემაზე, რომელიც უკვე დაწყებულია. ძალიან ბევრი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება ის სრულიად ცალსახა მოლოდინი, რომელიც არსებობს ოპოზიციურ პარტიებში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და ეს შესრულება მოიცავს შეთანხმების ორივე ნაწილს", - ამბობს ბაქრაძე. 

დავით ბაქრაძის თქმით, არსებობს ალბათობა, რომ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება, რაზეც ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი.  

"ეს იქნება ის გზა, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩვენ ვხედავთ, რომ 8 მარტის შეთანხმებით მანიპულირებით ხელისუფლება მივიდა იმ ვითარებამდე, როდესაც ევროპარლამენტისა და ამერიკის კონგრესის წევრები ღიად იყენებენ ტერმინს "პოლიტიკური პატიმრები" და პირდაპირ ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას. ასეთი რამ წარსულში არასდროს ყოფილა. მანიპულირებითა და ტყუილით ქართულმა ოცნებამ თავი შეიყვანა ჭაობში. ყველა ნაბიჯით ამ ჭაობში უფრო ღრმად იძირება. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში, როგორც ამას ითხოვენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, როგორც ამას ითხოვს და ელოდება ქართული საზოგადოება. 

როგორც კი დავინახავთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების ორივე ნაწილის შესასრულებლად, ჩვენ მზად ვიქნებით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც არის ჩვენი ვალდებულება და, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ საარჩევნო პროპორციების ნაწილს. ოღონდ, გულისხმობს შეთანხმების შესრულებას ორივე ნაწილში. თუ ეს არ მოხდა, ამაზე პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება", - ამბობს დავით ბაქრაძე. 

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები