საარჩევნო შეთანხმება

კუბილიუსი სანქციებზე: თუ "ოცნება" ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს

0 კომენტარი

ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, 8 მარტის ხელშეკრულების არშესრულებით, რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასაც.

კუბილიუსის თქმით, საარჩევნო შეთანხმება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ გულისხმობს, გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც.

"ევროკავშირის მხარდაჭერა დამოკიდებულია იმ პირობების შესრულებაზე, რომლებიც 8 მარტის შეთანხმებით არის გათვალისწინებული და თავის თავში დემოკრატიის განვითარებასაც გულისხმობს. ამიტომაც ვარ შეშფოთებული, შეთანხმება, რომელსაც ხელი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს, ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სრულად შესრულებული, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ის მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს არ გულისხმობს, გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების პოლიტიკისგან დაცლას და სწორედ ამ პირობას არ ასრულებს ხელისუფლება. საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს დახმარებას უზრუნველყოფენ, გვიჩნდება კითხვები და ეჭვებიც უფრო იზრდება. შესაძლოა, პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერა არ შევწყვიტოთ, მაგრამ ხელისუფლება რისკავს ევროკავშირის ნდობას და რწმენას, რწმენის დაკარგვა კი გამოიწვევს სხვა ყველაფერს, მათ შორის ფინანსური შესაძლებლობის გაქრობასაც", - უთხრა ევროპარლამენტარმა ტვ პირველ [ტვ პირველის თარგმანი].

რაც შეეხება სანქციებს, კუბილიუსის თქმით, ესეც საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ მიჰყვეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მაგალითს, ვინაიდან "ყველამ კარგად ვიცით, როგორ დამთავრა იანუკოვიჩმა".

"ეს დამოკიდებულია იმაზე, გვექნება თუ არა საქართველოს დემოკრატიის რწმენა, ხელისუფლების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. თუ მმართველი გუნდი ჩვენს ნდობას ვერ შეინარჩუნებს და დადებულ პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. მოვუწოდებ მათ, არ გაყვნენ იანუკოვიჩის მაგალითს, რომელიც ოპონენტებს ციხეში უშვებდა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დაამთავრა იანუკოვიჩმა, არ გვინდა, საქართველოს ხელისუფლებამაც ეს ცუდი ბედი გაიზიაროს", - ამბობს ევროპარლამენტარი.

ევროპალამენის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 19 მაისს განიხილავს ანგარიშს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების შესახებ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია, მოიცავს რა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

ასევე 13 მაისს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები