17 მაისი

თაბაგარი: სოფო კილაძემ ონლაინ ლგბტ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი გვითხრა

რადიო თავისუფლება/პარლამენტი

Tbilisi Pride-ს დამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"17 მაისს ვაკეთებთ ონლაინ ღონისძიებას. მივმართეთ სხვადასხვა აქტორებს, რომლებსაც ეხებათ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლა, მათ შორის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაცია. სოფო კილაძემ მოგვწერა უარი. ცოტა გაურკვეველი შინაარსის წერილი იყო, როგორც ჩანს, რადგან სახალხო დამცველი მონაწილეობს კონფერენციაში, მან არ ჩათვალა საჭიროდ ამაში ჩართვა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე არც წინა წლებში გამოირჩეოდა ლგბტ ადამიანების დაცვით და არც წელს ველოდით განსაკუთრებულ ცვლილებებს"- თქვა თაბაგარმა ტვ პირველთან.

ლბგტ აქტივისტები ასევე ითხოვენ, თემის სოლიდარობის ნიშნად 17 მაისს თბილისის ანძა სწორედ ლგბტ დროშის ფერებში განათდეს. კახა კალაძეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თუმცა, რადიკალური, სიძულვილის ჯგუფები უკვე გააქტიურდნენ. სანდრო ბრეგაძემ ტვ პირველს უთხრა, რომ ამას არ დაუშვებენ.

"თუ საჭირო გახდა, მუდმივ მორიგეობასაც დავაწესებთ და არ მივუშვებთ იქამდე, რომ ანძა გაანათონ", - თქვა მან.

ლგბტქ+ ადამიანები სიძულვილის ჯგუფების, ჰომოფობთა და ტრანსფობთა მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისგან მუდმივი ძალადობის ობიექტები არიან. მათ არ ეძლევათ საშუალება, მშვიდად, ფიზიკური საფრთხის გარეშე აღნიშნონ 17 მაისი, ხელისუფლება კი მათ უფლებებს სათანადოდ არ იცავს.

კომენტარები