კორონავირუსი საქართველოში

ბოლნისის სოფელი გეტა, სადაც Covid19 რვა ადამიანს დაუდასტურდა, იზოლაციაში მოექცევა

გოგი მეშველიანი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა 15 მაისის 06:00 საათიდან იზოლაციაში მოექცევა. ამ ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, ავრცელებს.

გეტა ერთერთია ბოლნისის იმ ორი სოფლიდან, სადაც დღეს, 14 მაისს, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უშალოდ გეტაში ვირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა.

"სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები", - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის 48 სოფლიდან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება სწორედ ხსენებულ ორ სოფელში რჩება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების აღმოჩენა ამ სოფლებში დაახლოებით 140 ადამიანის ტესტირებას მოჰყვა. მისივე თქმით, იგეგმება სოფლების მოსახლეობის უფრო ფართო ტესტირება.

ბოლო მონაცემებით, ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 137 დადასტურებული შემთხვევაა. 23 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები კარანტინშია მოქცეული.

საქართველოში ჯამში კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 12 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 383. 

 

 

 

 

კომენტარები