აშშ - ჩინეთი

ტრამპი ჩინეთზე: შესაძლოა, მთელი ურთიერთობა გავწყვიტოთ, ასე $500 მილიარდს დავზოგავთ

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და ძი ძინფინგი ფოტო: Maclean's

ახალი კორონავირუსის გლობალურად გავრცელების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა ჩინეთზე გამკაცრდა. 14 მაისს მან განაცხადა, რომ აშშ-ს ჩინეთის საპასუხოდ ურთიერთობის სრულად გაწყვეტა შეუძლია.

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში, ჩახშობასა და გაყალბებაში ადანაშაულებს. 

ჟურნალისტმა პრეზიდენტს რესპუბლიკელი სენატორების შეთავაზებაზე ჰკითხა. შეთავაზება გულისხმობს, რომ ჩინელ სტუდენტებს, რომლებსაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ ფაკულტეტებზე სწავლა სურთ, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური გამოთვლები, აშშ-ის ვიზები არ მისცენ. ტრამპმა კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

"ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია... მთელი ურთიერთობის გაწყვეტა შეგვიძლია. ასე რომ მოვიქცეთ, რა მოხდება? 500 მილიარდ აშშ დოლარს დავზოგავთ," - საუბარია ჩინეთიდან აშშ-ის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე - ის ჩინეთიდან ყოველწლიურ იმპორტს ხშირად დაკარგულ ფულს უწოდებს.

ტრამპის თქმით, მას სი ძინფინგთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა, ამჟამად, მასთან საუბარი არ სურს. აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის კრახით, შეეჩერებინა ვირუსი გავრცელება, იმედგაცრუებულია. 

აშშ-ის სახაზინოს მდივანმა, სტივენ მანუჩინმა, განაცხადა, რომ ჩინეთმა აშშ-ს კორონავირუსზე ბევრად მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს:

"რთული და კომპლექსური მდგომარეობაა და პრეზიდენტმა ნათლად აღნიშნა, მას მეტი ინფორმაცია სურს. ისინი ჩვენ შიგნით არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ უფლებას გავიგოთ, თუ რა ხდებოდა".

მისივე თქმით, პრეზიდენტი შეშფოთებულია და "მის ყველა ვარიანტს განიხილავს". 

"ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ეკონომიკაზე, ამერიკულ სამსახურებზე, ამერიკელი საზოგადოების ჯანმრთელობაზე ამ ვირუსის გავლენით და პრეზიდენტი ეკონომიკისა და ამერიკის სამუშაო ძალის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს," - განაცხადა მნუჩინმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჭაო ლიძიანგის, თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნება ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესშია და ეს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სასარგებლოა.

მისივე თქმით, ამჟამად აშშ და ჩინეთი ვირუსთან ბრძოლაში უნდა თანამშრომლობდნენ, რათა პაციენტები გამოაჯანმრთელონ და ეკონომიკური წარმოება გააგრძელონ - "თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ აშშ-ს ჩვენთან მუშაობის სურვილი ჰქონდეს".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, აღნიშნა, ჩინეთი ამბობს, რომ თანამშრომლობა სურს - "მშვენიერია. თანამშრომლობა ქმედებაზეა [დამოკიდებული]".

პომპეოს განცხადებით, ჩინეთი კვლავ არ არის გამჭვირვალე - "ისინი კვლავ უარს გვეუბნებიან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომაზე, რაც ჩვენ მკვლევარებს, ეპიდემიოლოგებს სჭირდებათ. და რაც მთავარია, ეს შესაძლოა, კიდევ განმეორდეს".

6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-ჰარბორზე შეტევები.

"როგორც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, ჩინეთთან გამკლავება ძალიან ძვირი რამაა. ჩვენ ახლახანს მივაღწიეთ დიდებულ სავაჭრო შეთანხმებას, მელანი გამშრალი არც იყო და მსოფლიოს ჩინეთიდან ჭირი თავს დაატყდა. 100 სავაჭრო შეთანხმებაც ვერ აანაზღაურებს განსხვავებას და ყველა იმ უდანაშაულო ადამიანის დაკარგულ სიცოცხლეს!" - 13 მაისს პრეზიდენტი თავის Twitter-ზე წერს.

სავაჭრო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წელს დაიწყო. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებითი ტარიფები დააწესა. ნაბიჯს სარკისებურად უპასუხა პეკინმაც. აშშ-ში ამბობდნენ, რომ ჩინეთი მათი ღია ბაზრით უსამართლოდ სარგებლობს და საპირისპიროდ თამაშის წესებს არ იცავს, რაც საბოლოოდ ამერიკელ მწარმოებლებს აზარალებდა.

ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, გასული წლის დეკემბერში მხარეებმა შუალედურ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. გარიგებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთი მომავალ ორ წელში აშშ-ისგან 200 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს, ხელი 15 იანვარს მოაწერეს.

ამის შემდეგ, ტარიფების ზრდა ორივე მხარემ შეწყვიტა. იმ დროს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებათა შემდეგი ეტაპის მთავარი მიზანია, უარი ათქმევინონ ჩინეთს ტექნოლოგიების ქურდობასა და სავალუტო მაქინაციებზე.

ამ დროისთვის, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 1 457 000-ზე მეტი შემთხვევა და 86 000-ზე მეტი გარდაცვალებაა გამოვლენილი. 318 000-ზე მეტი პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები