ეკონომიკა

ბელარუსმა ამერიკული ნავთობის პირველი პარტია შეისყიდა

ბელარუსმა ამერიკული ნავთობის პირველი პარტია შეისყიდა. ამის შესახებ ბელარუსის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის დირექტორმა, ალექსანდრ ტიშენკომ, განაცხადა. 

80 ათასი ტონა ამერიკული ნავთობით დატვირთული ტანკერი ჯერ ლიტვაში, კლაიპედას პორტში ჩავა და ბელარუსს სარკინიგზო გადაზიდვის საშუალებით მიეწოდება. "ტანკერის დატვირთვა 15 მაისს, ტექსასში ბიმონტის პორტში დაიწყო, პორტს ტანკერი 17 მაისს დატოვებს, ხოლო კლაიპედაში ივნისის დასაწყისში იქნება", - განაცხადა ბელნეფტხიმ-ის დირექტორმა ალექსანდრ ტიშენკომ. 

საუბარია Bakken-ის სორტის ამერიკული წარმოების ნავთობზე. შესყიდვას გამოეხმაურა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი. "სიამოვნებით ვადასტურებ, რომ აშშ-სთან ნავთობის შესყიდვები დაწყებულია", - თქვა მინისტრმა.

ეს ბელარუსისგან ამერიკული ნავთობის შესყიდვის პირველი შემთხვევაა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბელარუსში ვიზიტით ყოფნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ბელარუსს ნავთობის საჭირო მოცულობა კონკურენტულ ფასებში მიაწოდეს. 

აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა ნავთობის შესყიდვები საუდის არაბეთშიც დაიწყო. არაბული ნავთობის პირველი პარტია ადგილობრივმა სანავთობო ტერმინალებმა უკვე გადაამუშავეს.

ნავთობის ფასისა და ხარისხის საკითხი რუსეთსა და ბელარუსს შორის მრავალი წელია გადაუწყვეტელია. ვითარება განსაკუთრებით გასულ წელს გამწვავდა, სხვადასხვა დონეზე გამართული ათეულობით მოლაპარაკებისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო ზარების მიუხედავად, ფასზე შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. 

საბოლოოდ, მიმდინარე წლის იანვარში, რუსეთმა რამდენიმე დღით შეაჩერა კიდეც ნავთობის მიწოდება ბელარუსისთვის.

კომენტარები