ახალი კორონავირუსი

ჩინეთი: Covid-19-ის საპასუხო ნაბიჯებზე გამოძიებას მხარს დავუჭერთ, როცა ვირუსის კონტროლს შევძლებთ

0 კომენტარი
სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ მხარს დაუჭერს პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოძიებას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვირუსის კონტროლს შეძლებენ.

მან კომენტარი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე ვიდეოჩართვისას გააკეთა.

"ჩინეთი მხარს უჭერს ყოვლისმომცველ შეფასებას პანდემიასთან ბრძოლის საკითხზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ვირუსი კონტროლის ქვეშ იქნება, რათა შევაჯამოთ გამოცდილებები და აღმოვფხვრათ განსხვავებები. მსოფლიოს სამეცნიერო, პროფესიონალური მიდგომა სჭირდება და ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა უხელმძღვანელოს. მთავარი პრინციპი მიუკერძოებლობა და სამართლიანობა უნდა იყოს", - თქვა სი ძინპინმა.

ის ირწმუნება, რომ ჩინეთი ვირუსის საკითხზე ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებდა და ინფორმაცია დროულად გააზიარა. ჩინეთი განვითარებად ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლაში $2 მილიარდიან დახმარებას დაჰპირდა.

ევროკავშირი და ავსტრალია ვირუსის წარმოშობის და გავრცელების საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ ჩინეთს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გლობალურად გავრცელდებოდა და მისი ადმინისტრაცია ამ საკითხს სერიოზულად შეისწავლის. ამასთანავე, ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინური დეზინფორმაციის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და დაფინანსება შეუწყვიტა.

ახალი კორონავირუსი პირველად გასულ წელს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გამოჩნდა და მას შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 317 171 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 4 827 135 ადამიანს დაუდასტურდა.

ვირუსის გამოჩენის შემდეგ ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქმედებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები