საარჩევნო შეთანხმება

ფოტიგა: ჩემი გამოცდილებით, ვხედავ, რომ რურუას მიმართ ბრალდებები ყალბია, ისინი უნდა მოიხსნას

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ გიორგი რურუას მიმართ არსებული ბრალდებები ხელოვნურია და ისინი უნდა მოიხსნას.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ფოტიგამ თქვა, რომ მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე, ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

"საქართველო ჩვენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური ჯგუფები ერთსულოვნად უჭერენ მას მხარს.

საქართველოში ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა ჯერაც ოკუპირებულია და უზარმაზარი სტრესის ქვეშაა. არ სრულდება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ყოველდღე ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას.

ჩვენ გაოგნებულები ვიყავით გასული წლის ივნისის მოვლენებით. დიახ, იყო ემოციური რეაქციები, მაგრამ ჩვენ მაინც ამაყად მხარს დავუჭერთ სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებას.

მე მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიდგომას უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა აღვნიშნო გიორგი რურუა - ის დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედიის მფლობელია.

პოსტსაბჭოთა სივრცეში და ოპოზიციაში ყოფნის მთელი ჩემი გამოცდილებით, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ყალბია. მას ეს ბრალდებები უნდა მოეხსნას. მე იმედი მაქვს, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იქნება, 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი არჩევნები ჩატარდება.

დაჟინებით მოვუწოდებ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენლობას, გამოხატონ მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გაუწიონ მათ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა", - თქვა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

ევროპარლამენტარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქამდეც არაერთხელ გამოეხმაურა. 18 მაისს მან ტვიტერზე დაწერა, რომ მიესალმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა, "პოლიტპატიმრები არ შეუწყალებია, ვინაიდან საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ".

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა შეთანხმებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. ოქრუაშვილი და უგულავა 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, თუმცა, 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიენა და ის პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები