კორონავირუსი საქართველოში

რატიანი საგანგებოს გარეშე შეზღუდვებზე: მთავრობისგან ამ უფლების მოთხოვნაც კი შემაშფოთებელია

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

რატიანის შეფასებით, არათუ ქართული ოცნების, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის, ასეთი უფლების მინიჭება სრულიად დაუშვებელია. დეპუტატის თქმით, შემაშფოთებელიც კია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. 

"ბუნებრივია, ქართული ოცნების პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა იყოს დაწესებული, უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება", - ამბობს რატიანი. 

დეპუტატის თქმით, ევროპული საქართველო ამ "არადემოკრატიულ პრინციპს" მხარს არ დაუჭერს და ქართული ოცნების უმრავლესობასაც მოუწოდებს, ეს არ გააკეთოს, რადგან მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით დაზიანდება დემოკრატია და ქვეყნის ისედაც შელახული იმიჯი. 

"მსგავსი უფლებების მოთხოვნაც კი არის შემაშფოთებელი და ეს არის ბერკეტი იმისათვის, რომ პარლამენტის როლი იყოს დაყვანილი მინიმუმამდე, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში უბრალოდ თავხედობაა ამის მოთხოვნა", - ამბობს რატიანი. 

კანონში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცვლილელების პროექტის ინიცირება 19 მაისს, ბიუროს სხდომაზე მოხდება. 

IPN-ის ცნობით, რომელსაც კანონპროექტზე წვდომა ჰქონდა, დოკუმენტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

კანონპროექტის ერთერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 17 მაისს თქვა, რომ მთავრობას მიენიჭება უფლება, პანდემიის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლოს "კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე კრიზისის დარეგულირება, რომ მან შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა". 

კომენტარები