კორონავირუსი საქართველოში

გახარია ახალ კანონპროექტზე: შეზღუდვები გვჭირდება, გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდება

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, კანონპროექტი, რომლითაც მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეძლებს, საჭიროა, ვინაიდან კორონავირუსი დამარცხებული არ არის, ამასთან, აუცილებელია, გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემა შეცვალოს.

"არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ ან მსოფლიომ კორონავირუსი დაამარცხა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან გამოვედით ან კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ კრიზისი დამარცხებულია. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ერთი რამე უნდა გვესმოდეს - ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, თუ შეზღუდვების გაუაზრებელი, სწრაფი, ერთბაშად მოხსნით ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ეკონომიკის აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება. ამავე დროს, არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ, მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტული მიზნებისკენ მიმართული.

არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი და უნდა მივიღოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში", - თქვა მან.

გახარიასვე განცხადებით, შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებას არ შეეხება.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს და რომლის მიხედვითაც, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეძლებს.

IPN-ის ცნობით, დოკუმენტი საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას ითვალისწინებს და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რომლებიც გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

კანონპროექტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ოპოზიცია კანონპროექტის ინიციატივასაც კი შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის მთავრობის ხელში იარაღი იქნება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება.

კომენტარები