საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები იმოძრავებს

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

კალაძის თქმით, ყოველდღიურად ამ მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება. მისივე სიტყვებით, ამ ადამიანებისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის, მარშრუტი პრობლემურია.

"შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება. [...] მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, ძალიან სწრაფად წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები, საიდან უნდა მოხდეს ავტობუსების გასვლა. დედაქალაქის მერია აიღებს ამ პასუხისმგებლობას. იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული ავტობუსები, ისეთი, როგორიც ემსახურება თბილისის მისახლეობას", - თქვა კალაძემ.  

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ 100 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. 

"გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ. შემდეგი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, დაახლოებით, 200 ერთეული. ამ ყველაფრით მოწესიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს", - თქვა კალაძემ.

კომენტარები