კორონავირუსი საქართველოში

EMC: გატარებული და დაგეგმილი ცვლილებებით განუზომლად იზრდება მთავრობის მანდატი

ტაბულა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფომ არაერთი შემზღუდველი ღონისძიება გაატარა, რამაც საზოგადოებაში მათი კანონიერების შესახებ გააჩინა კითხვები. 

"განსაკუთრებით ეს შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პრეზიდენტის დეკრეტით მთავრობისთვის რიგი უფლებამოსილებების გადაცემასა და გატარებული ღონისძიებების ფორმალურ, თუ შინაარსობრივ მხარეებს", - წერია განცხადებაში. 

ორგანიზაციის განცხადებით, ამავე პერიოდში, 23 აპრილს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, 19 მაისს კი ბიუროს სხდომაზე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ინიციატივა განიხილეს. ინიციატივის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც ექნება სხვადასხვა ფორმით უფლებების შეზღუდვისა და აკრძალვების დაწესების შესაძლებლობა. 

"საგანგებო ვითარების განმავლობაში, მრავალი სახიფათო პრაქტიკა და ტენდენცია გამოვლინდა. კერძოდ: 

საგანგებო მდგომარეობის დროს მინიმალურად ან საერთოდ არ ხორციელდებოდა გატარებული ღონისძიებების საპარლამენტო ზედამხედველობა და სასამართლო კონტროლი;

კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საგანგებო ღონისძიებების კანონიერებისა და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხები;

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიკვეთა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და წონასწორობის დარღვევის საფრთხეები; 

23 აპრილს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით გაჩნდა რეალური საშიშროება, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, მოახდინოს საგანგებო მდგომარეობის ნორმალიზება და ჩვეულებრივი მდგომარეობის დროსაც მსგავსი ზომები გამოიყენოს;

განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით განუზომლად იზრდება მთავრობის მანდატი და შესაძლებლობები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის უფლებების დაცვას;

მთავრობას ან მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს უფლება მიეცა შეიმუშავოს იზოლაციის/კარანტინის წესები. კანონის არასათანადო გარანტიებისა და დაგეგმილი ცვლილებების ფონზე, ეს შესაძლოა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის წყარო გახდეს;

გაიზარდა შსს-ის უფლებამოსილებები იზოლაციის/კარანტინის წესის დარღვევის გამოვლენის, შეფასებისა და აღსრულების თვალსაზრისით;

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში, შსს-ის მიერ სპეციალურ სივრცეში პირის გადაყვანისას არ არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების სათანადო გარანტიები, ასევე ამ დროს პირს შეზღუდული აქვს ადვოკატზე ხელმისაწვდომობის უფლება;

იზოლაციის ან კარანტინის წესის, ისევე როგორც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას არა სასამართლო, არამედ შსს იღებს;

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომის გამოყენება ეფუძნება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რაც მთავრობის უკონტროლო ძალაუფლებისა და ადმიანის უფლებების დარღვევის წინაპირობა შეიძლება გახდეს;

გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია".

EMC-ის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურული ბარიერები და თანმდევი შეზღუდვები არ უნდა გახდეს უფლებების შემზღუდველი ფართო დებულების ორდინალურ კანონმდებლობაში ინტეგრირების საფუძველი. 

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მივიღებთ მუდმივმოქმედ საგანგებო მდგომარეობას, აღმასრულებელი ხელისუფლების შტოს შემაკავებელი და შემაწონასწორებელი მექანიზმების გარეშე", - წერს ორგანიზაცია. 

20 მაისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI. 

კომენტარები