შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

კვაჭანტირაძე: კატეგორიულად მოვითხოვთ ზურაბიშვილისგან, დაადოს ამ კანონპროექტს ვეტო

ქართული ოცნების ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის წარმომადგენელი, ზვიად კვაჭანტირაძე, ფრაქციის სახელით სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ვეტო დაადოს შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს.

კვაჭანტირაძის თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხზე დამატებითი არგუმენტები დასჭირდება, მისი ფრაქცია მზადაა, სალომე ზურაბიშვლს შეხვდეს.

"ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ რაღაცები უკვე წინასწარ არის შეთანხმებული და ძალიან არ მინდა ამაზე ვიფიქრო. ჩვენ, კოლეგებმა მოვითათბირეთ აქ და ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით (რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება), მანამდე მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ პირველად თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში, გამოიყენოს ვეტოს უფლება და არ მისცეს საშუალება ამ კანონს, მოვიდეს აღსრულებაში, არც ერთ შემთხვევაში! ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, გამოიყენოს ეს უფლება", - ამბობს კვაჭანტირაძე პარლამენტში საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე.

საუბარია კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და რომლის მიხედვითაც, მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეძლებს. კანონის მიღებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ის მთავრობას ჭარბ ძალაუფლებას ანიჭებს, ხოლო პროექტში გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია.

კანონპროექტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები