აშშ - საქართველო - რუსეთი

პომპეო: რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ღია ცის შეთანხმების წევრებს ფრენას უშლიდა

მაიკ პომპეო
USStateDepartment

21 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ტოვებს ღია ცის ხელშეკრულებას, რომელიც 35 ქვეყანას ერთმანეთთან შეუიარაღებელ სადამკვირვებლო ფრენის საშუალებას აძლევს. ამის მიზეზად მან რუსეთის დარღვევები დაასახელა.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევებზე საუბრობს. მათ შორის პომპეო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფრენის არდაშვებას ასახელებს:

"რუსეთი უარს ამბობდა სადამკვირვებლო ფრენის შესაძლებლობის მიცემაზე მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან - მისი საზღვრის გასწვრივ ათკილომეტრიან დერეფანში. ამით რუსეთი ცდილობდა, ხელი შეეწყო ყალბი მტკიცებისთვის, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია". 

პომპეო წერს, რომ რუსეთი იმავეს ცდილობს ანექსირებულ ყირიმში, ანექსიის გასაძლიერებლად, რასაც "აშშ არასდროს დაუშვებს".

ამას გარდა, როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკანონოდ შეზღუდა ფრენის მანძილი კალინგრადის თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანკლავი მნიშვნელოვანი სამხედრო შენაერთის ადგილად იქცა, სადაც, რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, განთავსებულია მოკლე დისტანციის ბირთვული რაკეტები და ისინი NATO-ს მიმართულებითაა დამიზნებული.

დამატებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ "2019 წელს რუსეთმა დაუსაბუთებლად უარყო შეერთებული შტატებისა და კანადის საყოველთაო სადამკვირვებლო ფრენა რუსეთის დიდი სამხედრო წვრთნების თავზე."

აშშ 6 თვეში შეთანხმებას სრულიად დატოვებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სრულიად დაიცავს წესებს, აშშ-მა გადაწყვეტილებას, შესაძლოა, გადახედოს.

სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხის, ამერიკული ცხოვრების სტილისა და უსაფრთხოების დაცვა პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ქვაკუთხედია. პომპეოს თქმით, განხილვის შედეგად, ცხადი გახდა, რომ ღია ფრენის ხელშეკრულება აშშ-ის ინტერესში აღარ არის.  

მისი განცხადებით, რუსეთის დარღვევები ძირს უთხრის ხელშეკრულების მთავარ ფუნქციას - გამჭვირვალობას, ნდობას, თანამშრომლობას - "და რეალურად, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უნდობლობას და საფრთხეებს ზრდის - რაც აშშ-ის შემდგომ მონაწილეობას დაუცველს ხდის". 

სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს ასრულებენ, რუსეთი წლების განმავლობაში სხვადასხვა გზით მუდმივად და აშკარად არღვევს მას.

პომპეოს თქმითვე, ეს შეთანხმება არაა ერთადერთი, რომელსაც რუსეთი არღვევს - მაგალითად შესაძლებელია შეიარაღების კონტროლის არაერთი დარღვევის დასახელება.

"რუსეთი თანმიმდევრულად მოქმედებდა ისე, თითქოს თავისუფლად შეეძლო თავის ვალდებულებებზე ხელის აღება და სურვილისამებრ მისი [დაბრუნება]. როდესაც ის მოისურვებდა, უკანონოდ უარყოფდა და ზღუდავდა ღია ცის სადამკვირვებლო ფრენებს", - ამბობს პომპეო.

ზემოთხსენებულ მიზეზებთან ერთად, პომპეო ამბობს, რომ წლების განმავლობაში რუსეთი სხვადასხვაგვარად არღვევდა შეთანხმებას. მაგალითად, 2017 წლამდე, ის უადგილოდ აცხადებდა ფორსმაჟორს, რათა დაეწესებინა საჰაერო შეზღუდვები VIP სახმელეთო გადაადგილებისას.

"მოსკოვი ღია ცის შეთანხმებას მეტწილად იარაღად იყენებდა, რათა ხელი შეეწყო სამხედრო იძულებისთვის. როგორც ჩანს, მოსკოვი ღია ცას იყენებს აგრესიული ახალი რუსული დოქტრინის მხარდასაჭერად, რომელიც მიზანში იღებს აშშ-სა და ევროპაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას" - სახელმწიფო მდივანი წერს, რომ ნაცვლად იმისა, რუსეთმა ღია ცის ხელშეკრულება სამხედრო გამჭვირვალეობით ნდობის გაძლიერების მექანიზმად გამოიყენოს, მან ხელშეკრულება დაშინების და მუქარის იარაღად გადააქცია.

პომპეომ უპასუხა მათაც, ვინც აშშ-ისგან საპასუხო, რუსეთის მსგავს პროვოკაციულ ნაბიჯებს და დარღვევებს ელის.

"ამის გაკეთება ხელშეკრულების მთავარ მიზანს მხოლოდ დააზიანებს და აშშ-სა და რუსეთს შორის შემდგომ დაძაბულობასა და უნდობლობას წარმოქმნის... ღია ცის შეთანხმებას საერთშორისო უსაფრთხოება უნდა დაეცვა. თუმცა, ახლა მისი აღსრულება გადახრილი და გაუკუღმართებულია და ამჟამად რუსეთის მიზნებს ემსახურება, რაც ამ უსაფრთხოებას აზიანებს". 

აშშ-ს გაგებით ეკიდება იმას, რომ ევროპელი მოკავშირეები ხელშეკრულებას კვლავ მნიშვნელოვნად თვლიან. ამასთან, აშშ-ს არ სურს, სამუდამოდ შენარჩუნდეს ხელშეკრულების ამჟამინდელი პრობლემები, რასაც რუსეთის დათესილი საფრთხე და უნდობლობა ქმნის, იმისთვის, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის ფასადი შეინარჩუნოს.

სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარებაზე და შეიარაღების კონტროლის არქიტექტურის ეროზიაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება: 

"ჩვენ ვემხრობით ეფექტურ შეიარაღების კონტროლს, რაც აძლიერებს აშშ-ის, მის მოკავშირეების და პარტნიორების უსაფრთხოებას, რაც შემოწმებადი და აღსრულებადია და რომელში მყოფი პარტნიორებიც პასუხისმგებლობით ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს. თუმცა, ჩვენ ვერ დავრჩებით შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებში, რომლესაც სხვა მხარე არღვევს და აქტიურად იყენებს არა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის, არამედ მისთვის ძირის გამოთხრისთვის," - ამბობს ის.

------------

თავდაპირველად, 1955 წელს, ღია ცის შესახებ შეთანხმების ინიციატივა აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს, დუაიტ ეიზენჰაუერს, ეკუთვნოდა. შეთანხმებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და 2002 წელს ამოქმედდა.

ამჟამად შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, რუსეთი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აპრილში საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ღია ცის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებელებების შესრულების შეწყვეტის გამო გადადგა:

"ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს ღია ცის ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის".

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი წერს, რომ როდესაც აშშ ღია ცის ხელშეკრულებას დატოვებს, ეს გადაწყვეტილება შეიარაღების კონტროლის ისტორიაში კიდევ ერთი დიდებული მომენტი იქნება.

გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF). შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

ხსენებული შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და NATO-მ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას მცირე დროში გახდის შესაძლებელს.  

"აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან NATO-ს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით, მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს," - განაცხადა პომპეომ თებერვალში.

კომენტარები