კორონავირუსი საქართველოში

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს

0 კომენტარი
ფოტო: მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ახალი კორონავირუსის პროტოკოლის ავტორია, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს. არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ საქართველოში, შესაძლოა, ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა აღრიცხული და ამაზე ის მიანიშნებს, რომ სომხეთში შესულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ცერცვაძის თქმით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ამ განცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. 

"არ გვგონია, რომ ბატონ ტოროსიანს ჩვენგან ესწავლებოდეს, რომ მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირმა ასეთი განცხადებები, მითუმეტეს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არ უნდა გააკეთოს.

ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით (მათ შორის თავად Arminfo-ს მონაცემებით) ა.წ. 22 მაისის მდგომარეობით საქართველოში არის COVID- 19-ის 728 დადასტურებული შემთხვევა , მათგან გარდაიცვალა 12, ხოლო სომხეთში არის COVID-19-ის 6302 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 77 გარდაიცვალა.

ამ ფონზე სულ ცოტა ღიმილის მომგვრელია (თუ სასაცილო არა) ბატონი მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება
მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

რაც შეეხება ბ-ნი ტოროსიანის კითხვებს, გავნმარტავთ, რომ საქართველოში ფუქნციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით ( სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 პირის PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად.

საქართველოს ნაციონალური პროტოკოლების და ალგორითმების თანახმად PCR კვლევას ექვემდებარება ყველა პირი, ვინც შეესაბამება COVID-19-ის შესაძლო შემთხვევის განმარტებას, მათ შორის, ვისაც აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ცხელებით ან ცხელების გარეშე (მათ შორის მსუბუქი სიმპტომებით), პირები მაღალი
რისკის ზონებიდან, დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები, პირები დადასტურებული შემთხვევების კლასტერებიდან, ყველა ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტი ცხელებით და ნებისმიერი ეტიოლოგიის პნევმონიით. ბუნებრივია, სტატისტიკურ მონაცემებში შედიან ისინიც, ვინც პნევმონიისგან გარდაიცვალნენ და COVID-19 დადასტურებული ჰქონდათ.

ქვეყანაში მოქმედებს COVID-19-ის შესაძლო შემთხვევით პაციენტების მართვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა პაციენტის დროულ და ზუსტ დიაგნოსტიკას და ყველა COVID-19-ით პაციენტის, მათ შორის უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ადექვატურ მართვას, აგრეთვე მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების კლინიკურ მართვას უმაღლესი სტანდარტებით, მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, რაზეც მეტყველებს COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რიცხვი.

საქართველო სისტემატურად იღებს მაღალ შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

ჩვენ ვეპატიჟებით ბ-ნ არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გავაცნოთ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში", - წერს თენგიზ ცერცვაძე განცხადებაში. 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა 22 მაისს თქვა, რომ სომხეთის ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. მისი ეს კომენტარი სომხურმა გამოცემამ panorama.am-მა გაავრცელა. 

"განსხვავებები არის მოქალაქეებისთვის ტესტირებების ჩატარების მეთოდოლოგიაში. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს 100%-იანი ინფორმაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, არც ვთვლი ამას ჩვენს პრიორიტეტულ საკითხად, მაგრამ შესაძლოა, რომ საქართველოში ჩატარებული 40 000-მდე ტესტიდან ყველა არ იყოს PCR-ტესტი. მათი ნაწილი, შესაძლოა, იყოს ექსპრეს-ტესტები, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგანაც არ იმსახურებენ ნდობას. 

მეორე მხრივ, უტარებენ თუ არა ტესტებს კორონავირუსზე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ინფექციის მარტივი სიმპტომები, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, და არც მინდა, რომ ვიცოდე, ვინაიდან ეს ჩვენი პრობლემა არაა.

მესამე, კორონავირუსის სტატისტიკაში აღინიშნება თუ არა ის ადამიანები, რომლებიც პნევმონიით გარდაიცვალნენ და ამასთან მათთვის ჩატარებული ჰქონდათ დიაგნოსიტრება Covid-19-ზე? ჩვენთან ერთმნიშვნელოვნად აღინიშნება. ამასთან, ვაწარმოებთ ცალკე სტატისტიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გარდაცვალება სხვა მიზეზით დაუდგინდათ", - თქვა ტოროსიანმა. 

მის ამ განცხადებას იმავე დღის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც, უპასუხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები