ღია ცის ხელშეკრულების დატოვება

ირინა არაბიძე: რას გვიმალავს რუსეთი? ამერიკა "ღია ცის" შეთანხმებიდან გადის

ირინა არაბიძე
0 კომენტარი

21 მაისს ამერიკის სახლემწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ქვეყანა “ღია ცის” შეთანხმებას ტოვებს. ხელშეკრულება მონაწილეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენების განხორციელების საშუალებას აძლევს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს ხელშეკრულების პირობების. პომპეო ამბობს, რომ შეთანხმება, რომელიც რეგიონში ნდობის აღდგენის იდეით შეიქმნა, რუსეთმა სამხედრო იძულების იარაღად აქცია. მედიის თქმით, ამერიკის სადაზვერვო სამსახურები და პენტაგონი მიიჩნევენ, რომ რუსეთი ამერიკის ტერიტორიაზე იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებას ახდენს, რომელსაც კონვეციური ან კიბერშეტევით შეუძლია დაემუქროს. ამერიკის განცხადების ტონიდან ჩანს, რომ ქვეყანას რუსეთის ამგვარი ქცევის მოთმეთნა აღარ სურს და არ აპირებს თვალი დახუჭოს იმ მრავალრიცხოვან დარღვევებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა.

მიუხედავად ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა შეთანხმებას დაუბრუნდება თუ რუსეთი მას პირნათლად შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკა 6 თვეში დატოვებს ხელშეკრულებას. ათვლა დაწყებულია.

ფოტო: BBC

რუსეთის რეაქცია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის გადაწყვეტილებას “ღრმად სამწუხარო” უწოდა და თქვა, რომ ამერიკის შეთანხმებიდან გასვლა ევროპის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად დააზიანებს. რუსეთი ასევე ამბობს, რომ ამერიკის ბრალდებები სიცრუეა და ამერიკა რუსეთის დადანაშაულებით საკუთარი “დესტრუქციული ქმედებების” დამალვას ცდილობს. რუსეთს ამერიკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები აქვს მხედველბაში. მათ შორისაა შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან გასვლა (INF), რომელიც ამერიკამ ასევე რუსეთის დარღვევების საპასუხოდ დატოვა. რუსეთი “ღია ცის” შეთანხმების შესრულებაზე ამერიკის მოთხოვნას ულტიმატუმს უწოდებს და ქვეყანას ტრადიციულად იქეთ ადანაშაულებს დარღვევებში.

ევროპის რეაქცია: ამერიკის გადაწყვეტილებას ევროპის სახელმწიფოებიც გამოეხმაურნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთიან განცხადებაში რომელსაც ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთიც შეუერთდა, მწუხარება გამოთქვა ამერიკის შეთანხმებიდან გასვლაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი ქვეყნები იზიარებენ ამერიკის შეშფოთებას რუსეთის დარღვევებზე, მაგრამ ისინი კვლავ აპირებენ რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას შეთანხმების პირობების სრულად შესრულებაზე. მათ შორის, რუსეთის მიერ კალინინგრადზე ხელშეკრულებით დაშვებული გადაფრენის შეზღუდვის საკითხზე. ნატოს განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს კალინინგრადის რეგიონში შეუიარაღებელი გადაფრენების დაშვებაზე. მედიის ცნობით ამ რეგიონში რუსეთმა ბირთვული დანიშნულების მქონე რაკეტები განათავსა და ამ იარაღის შესანახი ინფრასტურქტურა განაახლა.

ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრა ღია ცის შეთანხმების განსახილველად. 2020 წლის 22 მაისი. ფოტო: NATO

რატომ არის ამერიკის განცხადება მნიშვნელოვანი: საქართველოს გადმოსახედიდან განცხადება სამი მიზეზის გამოა საყურადღებო.

  • პირველი, მასში პირდაპირ არის ნახსენები საქართველო და მისი ოკუპირებული რეგიონები. “რუსეთი უარს ამბობდა დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ 10 კილომეტრიან დერეფანში, რითაც ცდილობდა ხელი შეეწყო მისი ყალბი მტკიცებისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია,” - ვკითხულობთ განცხადებაში. საქართველოს ხსენება მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკა ცალსახად ამბობს, რომ მისი ასეთი ნიშანდობლივი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის შეზღუდვაა. შედეგად, ჩვენი უსაფრთხოების პრობლემები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა და ამ განცხადებით ამერიკამ აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფა რუსეთსა და ამერიკას შორის განხეთქილების საგნად რჩება.
  • მეორე, გამომდინარე იქედან, რომ საქართველო რუსეთთან მის საზღვარს სრულად ვერ აკონტროლებს, ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებულ საქმიანობაზე. რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგის მოთხოვნით ამერიკა საქართველოს უსაფრთხოებას პრაქტიკულ მხარდაჭერასაც უწევს. თუ რუსეთი შეთანხმების შესრულებას დათანხმდება, მან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების სრულფასოვანი შემოწმებაც უნდა დაუშვას, რასაც როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული დატვირთვა აქვს. როგორც ცნობილია, 2008 წელს რუსეთმა საქართველოსთან ომის დაწყებამდე “კავკასია-2008”-ის სახელით ცნობილი მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. წვრთნების დასრულების შემდეგ, რუსული სამხედრო დანაყოფები დისლოკაციის ადგილს აღარ დაბრუნებიან და საქართველოს საზღვართან მობილიზებული ჯარი მალე ქვეყანაში შემოიჭრა. ქვეყნის საზღვრების მუდმივი მონიტორინგი რუსეთის სამხედრო მობილიზაციის შემთხვევაში ადრეული შეტყობინების მიღების საშუალებას მოგვცემს, რაც რუსეთის აგრესიის პრევენციაში დაგვეხმარება.
  • მესამე, “ღია ცის” შეთანხმებიდან გამოსვლა მორიგი დასტურია, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთთან პრინციპულ საკითხებზე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. “მიდიხარ წერტილამდე, როდესაც უნდა თქვა კმარა. ამერიკას არ შეუძლია გააგრძელოს მონაწილეობა ამ შეთანხმებაში თუ რუსეთი მას დაუსჯელად დაარღვევს,” ამბობს შეიარაღებაზე ამერიკის მთავარი მომლაპარაკებელი მარშალ ბილინგსლია. მსგავსი დამოკიდებულება ამერიკის პარტნიორი ქვეყების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნეოვანია, რადგან რუსეთი ხედავს, რომ მუქარის, დაშინების და ღია აგრესიის პოლიტიკა ამერიკასთან დაპირისპირების საფუძველი ხდება.

რუსი ჯარისკაცები ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე. 2008 წლის 9 აგვისტო. ფოტო: RFERL

რატომ გამოდის ამერიკა შეთანხმებიდან? პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, რუსეთი, ჩინეთი და ირანი ამერიკის მიერ შექმნილი მსოფლიო წესრიგის მთავარი მოწინააღმდეგე რევიზიონისტი სახელმწიფოები არიან. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ამერიკა შეკავების პოლიტიკის აღდგენაზე მუშაობს. რას ნიშნავს ეს? იმისთვის, რომ მტრულმა სახელმწიფოებმა ქცევა შეცვალონ ამერიკა მიიჩნევს, რომ საჭიროა დარღვევებზე თანამიმდევრული და მტკიცე პასუხების დაბრუნება. მოწინააღმდეგეს უნდა დაანახო, რომ მტრულ ქმედებაში გადასახდელი ფასი აჭარბებს მოგებას, რითაც მის არასასურველ აქტივობას აღკვეთავ. ის რომ მზად ხარ იმოქმედო მოწინააღმდეგეს საქმით უნდა დაუმტკიცო.

ამერიკა რევიზიონისტ სახელმწიფოებთან ურთიერთობისას სულ უფრო ცხადად მიყვება ამ პრინციპს. იარაღზე კონტროლის შეთანხმებებს თუ შევხედავთ, ამერიკა აღარ ხუჭავს თვალს დარღვევებზე და 2017 წლიდან უკვე მესამე მნიშვნელოვან შეთანხმებას ტოვებს. მათ შორისაა ირანის ბირთვული შეთანხმება და შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულება (INF Treaty). მოსალოდნელია, რომ თუ რუსეთი და ჩინეთი ამერიკის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, “ღია ცის” შეთანხმების შემდეგ ქვეყანა რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმებასაც (START) დატოვებს. ეს ამერიკასა და რუსეთს შორის ატომურ იარაღზე კონტროლის ბოლო მოქმედი შეთანხმებაა, რომელსაც ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის.

1991 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა START I-ის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ფოტო: Bushlibrary

ვინ რას ფიქრობს ამერიკის საქციელზე? აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ ეს პოლიტიკა სწორია, რადგან მოწინააღმდეგეებთან ამერიკის ინტერესების საზიანოდ დათმობებზე წასვლა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო დიდ პრობლემებს შექმნის. ოპონენტების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი ხშირად არ ასრულებენ დადებულ შეთანხმებებს, იარაღზე კონტროლის შესუსტება საშიშია, რადგან ის შეიარაღებაზე რბოლას უწყობს ხელს და დაპირისპირების ალბათობას ზრდის.

ეს დისკუსია ძალიან გავს ცივი ომის დროინდელ დებატს ამავე თემაზე. 1980-იან წლებში ბევრი მიიჩნევდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი საბჭოთა კავშრთან ბირთვული დაპირისპირების პროვოცირებას ახდენდა. რეიგანი სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის (SDI) ფარგლებში ამერიკის სარაკეტო თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვდა. ეს შეჯიბრი ამერიკის ცივ ომში გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ კამათი თანამშრომლობასა და შეჯიბრს შორის სწორი ბალანსის დაცვაზე დღემდე არ წყდება.

ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი თაიმის 1983 წელს გამოცემული ჟურნალის გარეკანზე ვარსკვლავური ომების ფონზეა გამოსახული ფოტო: Time

თავად “ღია ცის” შეთანხმების შეფასებისას ბევრს პრობლემურად მიაჩნია, რომ რუსეთი მას არ იცავს და მოპოვებულ ინფორმაციას მტრული მიზნებისთვის იყენებს. ამასთან, ზოგი მიიჩნევს, რომ კომერციული სატელიტების განვითარების ფონზე შეუიარაღებელი გადაფრენებით მიღებული სარგებელი საგრძნობლად შემცირდა. ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ტომ კოტონი ასევე აღნიშნავს, რომ ღია ცის შეთანხმებისთვის გამიზნული თვითმფრინავები მოძველდა და მათ მოდერნიზებას თითქმის 250 მილიონ დოლარზე მეტი დასჭირდება. კოტონი მიიჩნევს, რომ ეს გაუმართლებელი ინვესტიციაა, რადგან ამ შეთანხმებით მიღებული ინფორმაცია ამერიკას და მის მოკავშირეებს უკვე სხვა წყაროებით შეუძლიათ მოიპოვონ. მომხრეები კი ამბობენ, რომ შეთანხმება ღირებულია ამერიკის მოკავშირეებისთვის, რადგან მათ ამერიკის მსგავს სატელიტებზე წვდომა არ აქვთ. ასევე, ის ხელს უწყობს ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორამციის გაცვლას და ქვეყნებს შორის მჭიდრო კონტაქტს. ამასთან, შეთანხმებიდან მიღებული ინფორმაციის გასაჯაროვება ბევრად უფრო მარტივია, რაც უკრაინის ან მსგავსი კონფლიქტის შემთხვევაში ხელსაყრელია.

წინარეისტორია: “ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას 1992 წელს მოეწერა ხელი და ის ძალაში 2002 წელს შევიდა. ხელშეკრულება, რომლის რატიფიკაციაც 34-მა სახელმწიფომ მოახდინა, მონაწილეებს საშუალებას აძლევს მოკლევადიანი გაფრთხილების საფუძველზე ერთმანეთის ტერიტორიაზე შეუიარაღებელი სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ. შეთანხმების მიზანი შემთხვევითი ომის თავიდან აცილებაა, რაც სამხედრო მიზნებზე გამჭვირვალობის გაზრდით და ნდობის გაძლიერებით შეიძლება მიიღწეს.

ფოტო: Wikimedia

მსგავსი შეთანხმების იდეა ჯერ კიდევ 1955 წელს ამერიკის პრეზიდენტ დვაიტ აიზენჰაუერს მოუვიდა, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მოსკოვში აიზენჰაუერის შეთავაზება კარგად დაგეგმილ ჯაშუშურ სქემად მიიჩნიეს. ამერიკას მაშინ საბჭოთა კავშირის ატომურ პოტენციალზე ინფორმაცია სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, რადგან საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი რუსეთის შესაძლებლობებს იმაზე ბევრად გადამეტებულად წარმოაჩენდა, ვიდრე ეს რეალობაში იყო, რაც ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ქვეყანამ ეს პრობლემა მაშინ U-2-ს სახელით ცნობილი ჯაშუშური თვითმფრინავებით მოაგვარა, რომლებიც საბჭოთა ტერიტორიაზე 1955-1960 წლებში ინფორმაციას წარმატებით აგროვებდნენ. რუსეთი თვითმფრინავებს ხედავდა, მაგრამ მათი ფრენის სიმაღლის გამო 1960 წლამდე თვითმფრინავების ჩამოგდების ტექნოლოგიური შესაძლებლობა არ ჰქონდა. U-2-ს მეშვეობით მაშინ ამერიკა დარწმუნდა, რომ საბჭოთა ბირთვული შესაძლებლობები ბევრად ჩამორჩებოდა იმას რასაც ხრუშოვი საჯარო განცხადებებში ამბობდა.

ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U-2

1989 წელს ღია ცის ხელშეკრულებაზე საუბარი ჯორჯ ბუშ უფროსმა განაახლა, იმ იმედით რომ ნატოსა და ვარშავის პაქტის წევრ სახელმწიფოებს შორის ნდობის ამაღლებას შეუწყობდა ხელს. შეთანხმება ფინეთის დედაქალქ ჰელსინკიში წარმატებით გაფორმდა. დღეს “ღია ცის” შეთანხმების წევრი საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ამერიკა, კანადა და ევროპის ნატოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობაა.

მსგავსი ინიციატივები შეიარაღებაზე კონტროლის ერთ-ერთი მეთოდია, რითაც სახელმწიფოები ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ მოწინააღმდეგეს მათ მიმართ მტრული მიზნები არ გააჩნია. შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებების უმეტესობა ცივი ომის პერიოდში გაფორმდა და ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთვული დაპირისპირების თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები