ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილის და დოროყაშვილის ადვოკატები შანტაჟის ფაქტს უარყოფენ

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ დაადასტურა ნეკა დოროყაშვილის დაცვის მხარის განცხადება, რომ ჩოგბურთელმა, განქორწინების შემდეგ, მორიგების საფუძველზე ყოფილ ცოლს 100 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს და რომ ჯერჯერობით მხოლოდ 15 000 დოლარია გადახდილი. თუმცა, ჭკადუა ამბობს, რომ მორიგება სასამართლოს გარეშე შედგა. ანა აბაშიძე კი სასამართლოს განჩინებაზე მიუთითებს.

როგორც ჭკადუა, ისე დოროყაშვილის დამცველი, ანა აბაშიძე უარყოფენ ინფორმაციას, რომ დოროყაშვილი ბასილაშვილს აშანტაჟებს და ყოველთვიურად 100 000 დოლარს სძალავს.

"მორიგების აქტში ჩაიწერა, რომ ბასილაშვილი ყოფილ ცოლს 100 000 დოლარს მისცემდა. ნიკოლოზმა მას უთხრა, რომ ამ თანხით ბიზნესი დაეწყო, რათა დამატებით კიდევ ჰქონოდა შემოსავალი. მან ასევე ყოფილ ცოლს კომერციული ფართები გადასცა, საიდანაც ყოველთვიურად შემოსავალი აქვს, ოდენობას არ დავასახელებ. ნიკოლოზ ბასილაშვილს ამ 100 000 დოლარიდან 15 000 დოლარი გადახდილი აქვს, დანარჩენი უნდა გადაიხადოს", - თქვა ჭკადუამ ინტერპრესნიუსთან.

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს აშანტაჟებდა და სანაცვლოდ თვეში 100 000 აშშ დოლარს იღებდა, თავდაპირველად ნელი დოროყაშვილის ადვოკატები გამოეხმაურნენ. ანა აბაშიძემ და ანა თავხელიძემ ეს ხმები უსაფუძვლოდ შეაფასეს. აბაშიძემ განმარტა, რომ თანხა ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს განქორწინების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა გადაუხადოს.

"არსებობს სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ ქონება გაიყო ორ ნაწილად და ნელი დათანხმდა 100 000 დოლარის მიღებას, იმაზე ნაკლებს, ვიდრე კანონით ეკუთვნოდა, ვინაიდან მას არ სურდა დავაში შესვლა და ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს გაწელილ პროცესს მიდევნებოდა, ვინაიდან ეს ძალიან რთული რამ არის. 100 000 დოლარი ჯერ არ გადახდილა, გადახდილია მხოლოდ 15 000 დოლარი. ბასილაშვლს მოუწევს, სასამართლოს განჩინების მიხედვით, ეს თანხა ნაწილ-ნაწილ 2021 წლის ბოლომდე გადაიხადოს.

ქალის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო მოძალადე შანტაჟის მსხვერპლია, თითქოს ქალბატონი ნელი იყენებს რაღაც ინფორმაციას მის წინააღმდეგ. ეს არის აბსურდი - ნელის ამ თემატიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. და სრულიად არაეთიკურია ის, რაც სხვადასხვა ეთერით გაჟღერდა. ეს არის ყველანაირი დავის მიღმა არსებული საკითხი - ახლა საქმე ეხება იმას, იძალადა თუ არა ყოფილმა მეუღლემ ქალზე" - ამბობს აბაშიძე.

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

პროკურატურა აცხადებს, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის განცხადებით, მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს".

დაცვის მხარის და ოჯახის მტკიცებით, ბასილაშვილი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს

კომენტარები