Lufthansa

გერმანიის მთავრობა Lufthansa-ს €9 მილიარდით ეხმარება და მისი ყველაზე მსხვილი მეწილე ხდება

0 კომენტარი
ფოტო: lufthansa

ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიყენებული ზარალის შესარბილებლად გერმანიის მთავრობა ევროპის მეორე ყველაზე მსხვილ ავიაკომპანიას, Lufthansa-ს, 9 მილიარდ ევროიანი პაკეტით დაეხმარება.

"გერმანიის მთავრობამ Lufthansa-სთვის წარმოადგინა უპრეცედენტო ხსნის პაკეტი. ჯამში საუბარია 9 მილიარდ ევროზე, რომელიც საავიაციო სფეროში 135 ათას დასაქმებულს შეეხება, რათა სფერო გაუმკლავდეს იმ რთულ დროს, რომელშიც ყველამ ამოვყავით თავი", - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა.

ფულადი დახმარების შედეგად გერმანიის მთავრობა კომპანიის 20%-იან წილს მიიღებს, იმ შესაძლებლობით, რომ სამომავლოდ კიდევ 5%-ის დამატებას შეძლებს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მთავრობამ წილების არასასურველი გასხვისება დაბლოკოს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით, როცა კომპანია კვლავ ფეხზე დადგება, მთავრობა თავის წილებს გაყიდის.

შეთანხმებას ევროკომისიისა და Lufthansa-ს მეწილეების საბოლოო თანხმობა დასჭირდება. გერმანული მედიის ცნობით, ბრიუსელში გეგმას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა ანგელა მერკელი დათმობას არ აპირებს.

იმ პირობებში, როცა Air France-მა საფრანგეთის მთავრობისგან 7 მილიარდიან ევროიანი სესხი მიიღო, Alitalia-ს ნაციონალიზება კი 3 მილიარდ ევროდ მოხდა, Lufthansa-ს დახმარების პაკეტი ყველაზე მსხვილია ევროპულ ავიაკომპანიებს შორის.

სახელმწიფო დახმარებებს მწვავედ აკრიტიკებენ ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები. Ryanair-ის, ევროპის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯებით Luftansa-ს მსგავსი კომპანიები "ავნებენ კონკურენციას, როცა ყველანი ფრენა დაუბრუნდება".

Lufthansa, რომელიც ამჟამად პანდემიამდელი ფრენების 1%-ს ასრულებს, ივნისის ბოლოსთვის გეგმავს, კვირაში 1 800 ორმხრივი რეისი შეასრულოს. ჯამში, კომპანიაში აპირებენ, რომ მომდევნო თვეში 130 მიმართულებით განაახლონ ფრენა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები