ჰონგ-კონგი

ევროკავშირი: ჩინეთმა ჰონგ-კონგის ავტონომიას პატივი უნდა სცეს

შარლ მიშელი
REUTERS

ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას:

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰონგ-კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიის შენარჩუნებას საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში", - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

იაპონიის პრემიერმინისტრთან, შინზო აბესთან ვიდეოკონფერენციისას მან აღნიშნა, რომ ევროპას და იაპონიას ჩინეთზე ერთნაირი შეხედულება აქვთ.

"ჩვენ ჩინეთის ქცევებს მიამიტურად არ ვუყურებთ", - თქვა მან და დასძინა, რომ ევროპა მხარს უჭერს "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპს, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიას იცავს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰონგ-კონგის საკითხს 29 მაისს განიხილავენ.

ჩინეთი ჰონგ-კონგში ახალი კანონების მიღებას გეგმავს, რომელიც აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს ახალი კანონებით ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ისინი ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰოგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე და ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების მიმართ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს.

ვანგ იმ ხალხს უთხრა, რომ მათ დარდის ნაცვლად მეტად უნდა სჯეროდეთ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

24 მაისს ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე.

კომენტარები