კორონავირუსი და ეკონომიკა

გახარია კომპანიების შერჩევაზე: რა კორუფცია, შეიძლება, ვინმემ ქართულ-ჯიგრულ პონტში რაღაცა...

0 კომენტარი

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიისას გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, გარკვეული კომპანიების მუშაობასთან კორუფციულ ინტერესს ადგილი არ ჰქონია. მას ამის შესახებ მას ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ ჰკითხა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის თავდაპირველ ჩამონათვალში ვერ შევიდნენ კონკრეტული კომპანიები - მაგალითად, სუფთა სახლი, მაშინ როცა, ამ კომპანიის კონკურენტებს მუშაობის უფლება ჰქონდათ. დეპუტატის თქმით, კომპანიების ნაწილი დაზარალდა, რადგან მთავრობას სელექციური მიდგომა ჰქონდა. სერგი კაპანაძემ მაგალითად მოიყვანა მარნეულიდან აგრარული პროდუქტების გატანაზე ერთი კომპანიისთვის ექსკლუზივის მიცემა. ამ კონკრეტულ კითხვაზე გახარიას არ უპასუხია.

"ეს რატომ მოხდა? შერჩევითობის მაგალითია, მაგრამ კორუფციასთან გვქონდა საქმე? თუ გაქვთ ეს გამოკვლეული?" - ჰკითხა კაპანაძემ პრემიერს, რომელმაც პასუხად კომპანიების შერჩევის მეთოდზე ისაუბრა.

"როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შტაბი შეიქმნა, იმ წუთში გამოჩნდა ის მსხვილი სისტემური კომპანიები, რომლის გაჩერებასაც შემდგომ ერთ თვეში ან ერთ კვირაში შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, სამი თვით ვაჩერებდით თუ ერთი დღით. ეს არის მეტალურგია, ეს არის მოპოვებითი... ჰო, სისტემური, მაგალითად, გეტყვით, რომ ერთერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ, ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, ვინც მუშაობს, შიგნით ჩავტოვეთ, რომ არ შეგვეტანა ინფექცია. რიკოთი ერთი დღით არ გაჩერებულა, სისტემური ინფრასტრიქტურული პროექტები არ გაჩერებულა, უბრალოდ, იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით" - თქვა გახარიამ.

პრემიერის მტკიცებით, ზოგმა კომპანიამ თავად თქვა მუშაობაზე უარი.

"ზოგიერთ კომპანიას არც ჰქონდა სურვილი, თქვა, რომ მე ამ პირობებში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირს, დაველოდებით ერთი თვე და მერე... ასე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და ეს დროში ისე ხდებოდა, რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" - განაცხადა გახარიამ.

გიგა ბოკერიას რეპლიკაზე, რომელიც "ქართულ-ჯიგრულ პონტს" ეხებოდა, პრემიერმა თქვა - "ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები