ჩინეთი

ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების ახალ კანონს მხარი დაუჭირა

AP

ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების ახალ კანონს მხარი დაუჭირა. ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესში კანონის მომხრე 2 878 დელეგატი იყო, მოწინააღმდეგე - მხოლოდ ერთი.

კანონს ახლა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკანომდებლო კომიტეტი განიხილავს და ძალაში, სავარაუდოდ, აგვისტოში შევა.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის გეგმაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში, რომელიც აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს, ახალი კანონებით, ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ის ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰონგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს. ვანგ იმ მოსახლეობას უთხრა, რომ მათ, დარდის ნაცვლად, მეტად უნდა სჯეროდეთ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

24 მაისს ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა. 27 მაისს გამართულ აქციაზე კი სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წიწაკის ტყვიები ისროლა და 300-მდე აქტივისტი დააკავა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე. ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას.

ტრამპის ადმინისტრაცია ჰონგ-კონგის ავტონომიის შემზღუდავი კანონების გამო ჩინელი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

27 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, კონგრესს აცნობა, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის. მისი განაცხადებით, ჰონგ-კონგი აშშ-ის კანონებით გათვალისწინებული სპეციალური სტატუსის გარანტიით აღარ უნდა სარგებლობდეს.

კომენტარები