საფრანგეთი

საფრანგეთის უმეტეს ნაწილში Covid-19-ის გადაცემის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია

საფრანგეთის უმეტეს ნაწილში ახალი კორონავირუსის რეპროდუქციის, გადაცემის მაჩვენებელი 1-ზე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი, საშუალოდ, ერთზე ნაკლებ პირს აავადებს.

ამის შესახებ საფრანგეთის ჯანმრთელობის მინისტრმა, ოლივიერ ვერანმა, 28 მაისს განაცხადა

მისივე თქმით, თუ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მაჩვენებელი დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია რეგრესს განიცდის. 

"ამ ცვლადს თქვენ განსაზღვრავთ და თქვენი ქცევა, სოციალური დისტანცია, პირბადეების ტარება და უსაფრთხების სხვა ზომები," - დასძინა მან.

28 მაისს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპმა, განაცხადა, რომ ივნისიდან ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე გადადის და პარიზის რეგიონი კორონავირუსის "წითელი", ცხელი ზონა აღარ არის. პარიზის რეგიონი ახლა ნარინჯისფერ ზონაშია. 

საფრანგეთში ახალ კორონავირუსს 28 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 27 მაისს ახალი ვირუსით 100-ზე ნაკლები პაციენტი გარდაიცვალა. გასული ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დაღუპულთა რიცხვი 100-ს არ აღემატება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 180 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 66 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები